დასვენების დღეების გაუქმება: რით განსხვავდება საფრანგეთი ევროპელი მეზობლებისგან?

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს, 2026 წლის ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, დასვენების დღეების გაუქმება სურს. წელიწადში 11 უქმე დღით, არის თუ არა საფრანგეთი გამორჩეული ქვეყანა ევროპაში?
აქვს თუ არა საფრანგეთს ევროპის საშუალო მაჩვენებელზე მეტი უქმე დღე? სამშაბათს, 15 ივლისს, 2026 წლის ბიუჯეტის დაზოგვის გეგმის წარდგენისას, ფრანსუა ბაირომ სახელმწიფოს ხაზინის შევსების რამდენიმე ზომაზე ისაუბრა. ის, კერძოდ, გამოვიდა ორი ეროვნული დღესასწაულის – 8 მაისისა და აღდგომის შემდგომი ორშაბათის -დასვენების დღედ გამოცხადების გაუქმების წინადადებით. ბაირუს თქმით, ის მზად არის, სხვა შემოთავაზებებიც „განიხილოს და შეისწავლოს“.
უქმე დღეების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან განსხვავდება და ცხრიდან 15-მდე მერყეობს. რეიტინგს, 15 უქმე დღით, კვიპროსი უდგას სათავეში. მეორე ადგილი, ერთდროულად ხუთ ქვეყანას – ბულგარეთს, ხორვატიას, ესპანეთს, მალტასა და რუმინეთს – უკავია, რომლებსაც 14 უქმე დღე აქვთ. შემდეგ მოდიან: ავსტრია, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია და ჩეხეთი (13 უქმე დღე) და სლოვენია – (12 დასვენების დღე).
საფრანგეთი, 11 დასვენების დღით, რეიტიგის შუაშია ესტონეთთან, საბერძნეთთან, უნგრეთთან, იტალიასთან, ლუქსემბურგთან და შვედეთთან ერთად. ბელგიასა და ირლანდიაში წელიწადში 10 უქმე დღეა. თუმცა, ელზასსა და მოზელს საფრანგეთში განსაკუთრებული სტატუსი აქვთ: ქვეყნის დანარჩენ ნაწილებთან შედარებით, აქ 2-ით მეტი დასვენების დღეა. Rue 89 Strasbourg-ის ცნობით, ეს გერმანიის იმპერიის მემკვიდრეობაა, რომელმაც ამ ორი ტერიტორიის ანექსირება მოახდინა და 1892 წელს იქ ორი დამატებითი უქმე დღე დააწესა.
გერმანიას, სა და ნიდერლანდებს ევროპაში ყველაზე ნაკლები უქმე დღე აქვთ – ცხრა. გერმანია განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ზოგიერთი თარიღი მთელი ქვეყნის მასშტაბით დასვენების დღეა, ზოგი კი (მაგალითად, რეფორმაციის დღე, კორპუს-კრისტი და მიძინება) – მხოლოდ ცალკეულ მხარეში. ანალოგიური მდგომარეობაა შვეიცარიაშიც: დასვენების დღეების რაოდენობა, კანტონების მიხედვით, 8-დან 15-მდე მერყეობს. იგივე სიტუაციაა ესპანეთშიც.
ადრე სლოვაკეთში 14 ოფიციალური დასვენების დღე იყო, მაგრამ გასული წლის ივნისში მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2025 წლიდან 17 ნოემბერი (ხავერდოვანი რევოლუციის დღე) უქმე აღარ იქნებოდა. გადაწყვეტილება საბიუჯეტო მიზეზების გამო მიიღეს, რაც საფრანგეთში დღეს არსებულ ვითარებას გვაგონებს. 2023 წელს დანიამ, სამხედრო ხარჯების გაზრდის დასაფინანსებლად, ასევე გააუქმა „ლოცვის დიდი დღე“,რომელიც აღდგომის შემდეგ მეოთხე პარასკევს აღინიშნებოდა. ამ ნაბიჯმა ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.
წყარო: 1tv.ge