“დასანქცირებული ოლიგარქი აქტივებს სახლში აბრუნებს და საკუთარი თავიდან რისკი ქართველ ხალხზე გადააქვს” – OCCRP საგამოძიებო მასალა

“დასანქცირებული ქართველი ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლში აბრუნებს”, – ამ სახელწოდებით გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ჯეიმს დოსეტმა, რომელიც “ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის” (OCCRP) წევრია, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, მის ქონებასა და დაწესებულ სანქციებზე, ვრცელი მასალა მოამზადა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, საერთაშორისო სანქციების საპასუხოდ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში რამდენიმე კომპანიას საკუთრების უფლება გადასცა და ეს ოფშორებიდან მოხდა, რათა გლობალური ეკონომიკური ზემოქმედებისგან თავისი აქტივები დაიცვას.
მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის დეკემბერში, ამერიკამ მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რადგან ის საქართველოს არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა და ქვეყნის დემოკრატიას ს ინტერესების სასარგებლოდ აზიანებს. ასევე, წერია, რომ “ქართული ოცნება” კრიტიკის სამიზნეა, ვინაიდან სულ უფრო ავტორიტარული და მოსკოვთან დაახლოებული ხდება – მათ შორის ხაზგასმულია, რომ ივანიშვილმა ქონება 90-იანი წლების რუსეთში დააგროვა.
“31 დეკემბერს – სანქციიდან მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ – ივანიშვილმა დაიწყო ოფშორული კომპანიების საქართველოში გადატანა. ერთ-ერთი ასეთი ფირმა ფლობს ივანიშვილის რეზიდენციას, რომელიც გადაჰყურებს თბილისს. OCCRP-მა გამოავლინა ივანიშვილის კიდევ ერთი ძვირადღირებული ქონება, რომელიც ზოგიერთ ასეთ კომპანიას ეკუთვნის, მათ შორის აქამდე უცნობი მდიდრული რეზიდენცია კურორტულ ზონაში და “ქართული ოცნების” ყოფილი ოფისები თბილისში”, – წერია სტატიაში.
მასალაში პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო კომპანიის Enmetena Advisory-ის დამფუძნებლი, მაქსიმილიან ჰესი, მოვლენების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ივანიშვილის აქტივების რესტრუქტურიზაციამ შეიძლება უფრო ფართო პრობლემები შეუქმნას საქართველოს, თუ მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები გაღრმავდება და ამ შემტხვევაში, “ძალიან გაურთულდება” ნებისმიერ ბიზნესს ქვეყანასთან ურთიერთობა.
“მისი აქტივები იქნება საქართველოს ეკონომიკის ძალიან დიდი წილი. ის რასაც ივანიშვილი ფაქტობრივად აკეთებს, არის საკუთარი თავისა და საკუთარი სიმდიდრის რისკის გადატანა საქართველოზე და ქართველ ხალხზე”, – აღნიშნა ჰესმა.