დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით
დღევანდელ მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი კრიტიკული პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, ამჯერად უარი არ ვთქვი ჟენევაში მიმდინარე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობის მიღებაზე, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე, რომელიც ჟენევაში, ადამიანის უფლებათა მსოფლიო ფორუმს დაესწრო, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიუმხრობელ უცხოელებს ან არ აქვთ ინფორმაცია, ან მიზანმიმართული სიცრუით არიან ინფორმირებული. სიცრუის გამავრცელებელთა შორისაა დასავლეთის მცირე, მაგრამ არაკეთილგანწყობილი აქტიური ნაწილი, რომელსაც არ აინტერესებს არც დემოკრატია, არც დასავლური ღირებულებები და არც საქართველო.
“ჟენევა, ადამიანის უფლებათა მსოფლიო ფორუმი,12-15 სექტემბერი
სხვადასხვა მიზეზთა გამო, წლებია არ ვმონაწილეობდი საერთაშორისო ფორუმებში.
დღევანდელ მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი კრიტიკული პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, ამჯერად უარი არ ვთქვი ჟენევაში მიმდინარე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობის მიღებაზე. გავითვალისწინე ისიც, რომ მთელი მსოფლიოს წარმომადგენელთა მონაწილეობით ადამიანის უფლებებზე დისკუსიისათვის ამაზე მაღალი ტრიბუნა არ არსებობს და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა იქნებოდა გაუმართლებელი.
ფორუმს ესწრებოდნენ და აშუქებდნენ მთელი მსოფლიოს სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები. ამ ფონზე ძალიან გამიკვირდა, რომ საქართველოდან არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციური ტელევიზიები საერთოდ არ იყვნენ წარმოდგენილნი, შესაბამისად არ მომხდარა ფორუმის მიმდინარეობის გაშუქება. ამიტომ გადავწყვიტე, ჩვენს მოქალაქეებს მოკლედ გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები.
რასაკვირველია, პირველ რიგში მე მაინტერესებდა საქართველოს შესახებ უცხოელების ინფორმირებულობა.
დავინახე, შემდეგი:
დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით.
სიცრუის გამავრცელებელთა შორისაა დასავლეთის მცირე, მაგრამ არაკეთილგანწყობილი აქტიური ნაწილი, რომელსაც არ აინტერესებს არც დემოკრატია, არც დასავლური ღირებულებები და არც საქართველო, მისი ინტერესია ძალაუფლება და სწორედ ეს მცირერიცხოვანნი, მაგრამ აგრესიულად აქტიურნი ქმნიან საქართველოს საწინააღმდეგო აზრს დასავლეთში.
ფორუმზე წარმოდგენილი საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები და ასევე გაეროს წარმომადგენლები, საერთოდ არ იყვნენ ინფორმირებულნი, რომ სწორედ ივანიშვილის გუნდმა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ავტოკრატიული მმართველობა, ჩაანაცვლა არჩევნების გზით და დაამყარა ისეთი დემოკრატია, რომ დღეს ოპოზიციური ტელევიზიები უფრო მრავალრიცხოვანნი და აქტიურნი, არიან ვიდრე სახელისუფლებო. სწორედ ივანიშვილის დროს ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში ევროპასთან ინტეგრაცია ნორმად, ივანიშვილის მიერ შექმნილმა პარტიამ – “ქართულმა ოცნებამ” მიაღწია ევროპასთან უვიზო მიმოსვლას და მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გათავისუფლდა ქართული სასამართლო პროკურატურის დიქტატისგან, აღიკვეთა ციხეებში წამებითა და ღირსების შემლახავი მოპყრობით სისტემის მართვა, ქართულ ციხეებში პატიმართა რაოდენობა და მოპყრობა მიუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს, შეწყდა ბიზნესმენთა რეკეტი, გათავისუფლდა მედია და ა. შ.
მათთვის სიახლე იყო ისიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ბუშმა, სწორედ მაშინ უწოდა “დემოკრატიის შუქურა” სააკაშვილის მმართველობას, როცა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებით და ღირსების შემლახავი მოპყრობით ხდებოდა ციხეთა მართვა. ქვეყანაში საეჭვო ვითარებაში იყო გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. საზოგადოების დაშინების მიზნით, ხელისუფლების მიერ, ქუჩებში მიმდინარეობდა ახალგაზრდების ჩახოცვა. სწორედ იმ დროს, სააკაშვილის ხელისუფლება, კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით ამკვიდრებდა ელიტურ კორუფციას, ხსნიდა არაოფიციალურ ფონდებს სადაც მესამე პირების მეშვეობით დაპატიმრებით დაშინებულ მოქალაქეებს არიცხვინებდა დიდძალ თანხებს, ეწეოდა ბიზნესის რეკეტს, ხალხის გაკულაკებას და ამ გზით ავსებდა ბიუჯეტს.
სააკაშვილის დროს ადგილი ჰქონდა, მანამდე არ არსებულ ადამიანის უფლებათა უპრეცედენტო შეზღუდვებს, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტის გაანალიზებამაც, რომ მიუხედავად იმისა რომ სააკაშვილმა, 2-დღიანი პროვოცირებული ომის შედეგად ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთს ჩააბარა და თითქმის 30-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი ოკუპანტს მიყიდა, მის ხელისუფლებას, ქვეყნის გარეთ მაინც პროდასავლურს ეძახდნენ და ეძახიან დღესაც.
რთულად ასახსნელი აღმოჩნდა, ის ფაქტი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების სისხლიანი 9-წლიანი რეჟიმის დროს დასავლეთი ყველა ანტიდემოკრატიულ ნაბიჯზე და დამკვიდრებულ ავტორიტარულ მმართველობაზე თვალს ხუჭავდა, და დღეს, როცა იმ პრობლემების მსგავსიც აღარ არსებობს, დასავლეთი საქართველოს მოქალაქეებს ასანქცირებს.
ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ დასავლეთის წარმომადგენელ ამ მცირე ჯგუფს საქართველოსგან დემოკრატია და ღირებულებები კი არ აინტერესებს, არამედ მათ აქ სჭირდებათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც დასავლეთიდან ნაწყალობები ძალაუფლების სანაცვლოდ, თავიანთ პატრონებს, ჩვენს ქვეყანას გამოაყენებინებს რუსეთის იმიჯის შესალახად ან დასასუსტებლად, ხოლო ის, რომ ამ ყოველივეს შეეწირება უძველესი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ჩვენი ქვეყანა, ეს დასავლელი პოლიტიკოსების ამ ნაწილს და მათი ჯიბის აგენტ ქართველებს საერთოდ არ აღელვებთ.
ამ ყველაფერზე საუბარი იყო ჟენევის ფორუმზე წარდგენილ ჩემს მოხსენებაში. საუბარი იყო დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზეც ჩვენი ქვეყნის მიმართ და სუვერენიტეტის შელახვის იმ ფაქტებზე, რომელიც რეგულარულად მოედინება ევროპული რეზოლუციებიდან თუ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებიდან. ამან მონაწილეთა სერიოზული გაოცება გამოიწვია.
იქითა მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა, რომ რეგულარულად და დაწვრილებით მივაწოდოთ მათ, ფაქტებით გამყარებული ობიექტური ინფორმაციები, რის დეფიციტსაც აშკარად განიცდის ამერიკისა და ევროპის დემოკრატიულად მოაზროვნე ნაწილი.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ფოტორეპორტიორებისა და ტვ. „იმედის“ საქმის გაცნობა, ასევე შეშფოთება გამოიწვია, სააკაშვილის რეჟიმის დროს სხვადასხვა ბეჭდური თუ ელექტრონული მედია საშუალებების დახურვის ფაქტებმა.
გავცვალეთ კონტაქტები და დავსახეთ სამომავლო გეგმები, მიუკერძოებელ და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ ექსპერტებთან.
ასეთი შეხვედრებისა და კონტაქტების დეფიციტი იწვევს სწორედ დასავლეთში საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისათვის ნოყიერ ნიადაგს და მოწყვლადს ხდის საქართველოს გარედან დაგეგმილი
რყევების მიმართ.” – წერს კაკაბაძე.