მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, მოხსნას ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით, – ასე ეხმაურებიან რამდენიმე დასავლური ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტების ხელმძღვანელები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას.
„ჩვენ, ჩვენი შესაბამისი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, აღვნიშნავთ, რომ 3 აპრილს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენის შესახებ განაცხადა, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს გასული წლის ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ასლს.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხის უზარმაზარი ზეწოლისა და აბსოლუტური მობილიზაციის პირობებში, მმართველმა პარტიამ 2023 წლის მაისში პირობა დადო, რომ „უპირობოდ გაიწვევდა“ მსგავს კანონმდებლობას საპარლამენტო განხილვებიდან, ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ პუტინის რუსეთის სტილის ამ კანონის შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც შექმნილია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციისა და შესუსტების მიზნით, მაშინ როცა ის ფართოდ არის ცნობილი, როგორც საქართველოს უდიდესი აქტივი და იმედი და აქვს ყველაზე გამჭვირვალის რეპუტაცია მსოფლიოში ბიუჯეტისა და დაფინანსების თვალსაზრისით“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
დასავლური ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების შეფასებით, კანონპროექტის წარდგენა ძირს უთხრის საქართველოს დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანონის ხელახალი წარდგენა ძირს უთხრის საქართველოს დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება დემოკრატიის ბირთვია და გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის, ამ ნაბიჯს აღვიქვამთ, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ და გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას ამის გამო;
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ იგი განახორციელებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე და რომ ამ დრომდე საქართველომ ამ რეკომენდაციებიდან მხოლოდ 3 შეასრულა; ასევე შეგახსენებთ, რომ 9 ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რომ უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და პირველი ნაბიჯი მოუწოდებს საქართველოს ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ;
მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მოხსნას ის საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის სიმწიფეს და სიმტკიცეს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ : ჩეხეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები მარეკ ჟენიშეკი და პაველ ფიშერი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი, რლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჩარლზ ფლანაგანი, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, პოლონეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გჟეგოშ შეტინა, პოლონეთის სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბოგდან კლიჩი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ლუი ბურლანჟი, იტალიის საგარეო და სათემო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯულიო ტრემონტი, ნორვეგიის პარლამენტის წევრი, ინე მარი ერიკსენ სორეიდე, ბრიტანელი დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალისია კერნსი, დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, მიკაელ აასტრუპი იენსენი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი და ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჩარდ კოლსი.