რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციები გრძელვადიან გავლენას მოახდენს ქვეყნის სამხედრო ეკონომიკაზე და უკრაინაში ომის სწრაფ დასრულებამდე არ მიგვიყვანს, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები ვერ მიაყენებს საკმარის ზიანს რუსეთს, რომ მოსკოვი აიძულოს, უარი თქვას აგრესიულ ქმედებებზე.
„ამას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე წარმომედგინა. ნაკლებად სავარაუდოა, სანქციებმა დაუყოვნებლივ შეცვალოს პუტინის ავტორიტარული რეჟიმის ქცევა, მათ შორის უკრაინასა და ჰიბრიდული ომის სფეროში“, – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, ანდრის სპრუდსის თქმით, სანქციებს, როგორც წესი, გრძელვადიანი ეფექტი აქვს.
ცნობისთვის, 6 თებერვალს ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის პროექტი წარადგინა, რომელიც ძირითადად ენერგეტიკაზე, ფინანსურ მომსახურებასა და ვაჭრობაზეა ორიენტირებული.




