დასავლელი პოლიტიკოსები ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმაურებიან

პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას 22 მაისს დასავლელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება, აგრეთვე საქართველოს ევროპულ – მომავლისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნება მოითხოვეს.
ALDE
ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს პარტიამ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE), „ლიბერალურმა ინტერნაციონალმა“ და ALDE-ს პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში:
„მკაცრად ვგმობთ ჩვენი წევრი პარტიის – „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის დაპატიმრებასა და სხვა პოლიტიკოსების მიმართ დაკავების საფრთხის არსებობას.
მსჯავრდადებულია ყალბ პროცესზე, დახურულ სასამართლოში, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის დასწრების ნებართვის მიცემის გარეშე და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სახელმწიფო მაუწყებელს შეეძლო პროცესის გადაღება. ეს არის სამი გარემოება, რომელშიც პოპულარულ ლიბერალ პოლიტიკოს ჯაფარიძეს მიესაჯა დღეს მამაცურად დაპირისპირებისთვის პოლიტიკურად მოტივირებულ კომისიასთან, რომლის გრძელვადიანი ამბიციაა პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობა საქართველოში.
დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების განგრძობადი გამოფიტვა საქართველოში დასაგმობია. ბოლოდროინდელ ამ ნაბიჯს ვუყურებთ, როგორც მორიგ მტკიცებულებას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეშინებულია უწყვეტი მანიფესტაციებითა და ხალხისგან მზარდი ზეწოლით. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას დაიცვას საერთაშორისო კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჯაფარიძე, გააუქმოს ბრალდებები მის წინააღმდეგ და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე, რომელიც საქართველოს ხალხმა აირჩია და მოთხოვნილია საქართველოს კონსტიტუციით.
ტაშს ვუკრავთ ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის მიმართ მტკიცე ერთგულებისთვის და ს ზეწოლის უარყოფისთვის თბილისის ქუჩებში უწყვეტი გამოსვლებით ზედიზედ 176 დღის განმავლობაში. საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამ გზაზე მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა”.
ჯო უილსონი, რესპუბლიკელი კონგრესმენი:
„ანტიამერიკულმა „ქართულმა ოცნებამ“ არასწორად დააპატიმრა წამყვანი ოპოზიციური ფიგურა ზურაბ ჯაფარიძე და ქმნის მთელი ოპოზიციის დაპატიმრების პრეცედენტს. მასობრივი ესკალაცია არის ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და რუსეთისთვის ჩაბარებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“ – დაწერა ჯო უილსონმა X-ზე.
ჯეიმს მაკკლირი, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი:
„საქართველო განაგრძობს პოლიტიკური რეპრესიების მოლიპულ გზაზე სიარულს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე ახლავე უნდა გათავისუფლდეს. „ქართული ოცნების“ მთავრობამ და მათმა ოლიგარქმა მეთოჯინე ივანიშვილმა მორიგი ხაზი გადაკვეთეს. უნდა მოჰყვეს გაერთიანებული სამეფოს სანქციები”.
რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტარი (ევროპის სახალხო პარტია):
„ქართული ოცნების“ სისასტიკე იზრდება. წითელი ხაზები კარგა ხნის წინ გადაიკვეთა, თუმცა დღევანდელი დღე ძალიან შორს შეტოპვაა. ზურაბ ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დაპატიმრებულია. ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა დაასანქცირონ და მისი მეგობრები, ახლავე“.
პეტრას აუსტრევიჩიუსი, ევროპარლამენტარი:
„პოლიტიკური მართლმსაჯულების მორიგი სამარცხვინო მაგალითი საქართველოში! კოალიციის – „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. „საპარლამენტო კომიტეტთან“ თანამშრომლობაზე, დააკავეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს”.
მარკო მიჰკელსონი, ს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე:
„ოპოზიციური პარტიების კოალიციის – „ცვლილებისთვის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის უკანონო დაპატიმრებით დღეს საქართველოს დიქტატურამ მორიგი დანაშაული ჩაიდინა მართლმსაჯულების, დემოკრატიისა და კანონისმიერი მმართველობის წინაშე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე სულ რამდენიმე დღით ადრე, საშურია დემოკრატიული სახელმწიფოები გასცდნენ სიტყვებს, სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს და მხარი დაუჭირონ თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს, რომ დაიბრუნონ თავიანთი მომავალი. გაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი საქართველოში!“.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, პარტიის “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” და კოალიციის “ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 20 ათას ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის 22 მაისს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა.
ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. რისთვისაც მას 16 აპრილს მოსამართლე ნანა შამათავამ 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს თანხის გადახდაზე პრინციპული უარი განაცხადა.
ასევე ნახეთ – რადიო თავისუფლების არქივიდან (მაისი, 2021):
Embed share
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული ორი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების შესახებ მიუთითებს – ომბუდსმენის აპარატმა შესაბამისი რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა