საფრანგეთი იმ ქვეყნების ალიანსს ქმნის, რომლებიც მზაობას გამოთქვამენ უკრაინაში დასავლეთის ჯარების შესვლასთან მიმართებით და ამავე დროს, აღრმავებს შეუთანხმებლობას გერმანიასთან, რომელიც მეტად ფრთხილობს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლეთის გამოცემები ავრცელებენ.
“დღეს არ არსებობს კონსენსუსი [უკრაინაში] სახმელეთო ჯარების გაგზავნის თაობაზე… [მაგრამ] გამორიცხული არაფერია”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა უკრაინის მოკავშირეთა შეკრებისას.
საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარის შემდეგ, გერმანია, ესპანეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, ნატო და ევროკომისია, ყველა აღნიშნავდა, რომ არ არსებობდა გეგმა უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით. როგორც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, ეს იქნებოდა კონფლიქტის ძალიან სახიფათო ესკალაცია და პირდაპირი კონფრონტაცია რუსეთთან.
მოგვიანებით, საფრანგეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დასავლეთის სამხედრო ძალებს შესაძლოა გამნაღმველთა როლი ეკისრათ და არა პირდაპირი ბრძოლა რუსებთან. ამის შესახებ უკვე AFP წერდა. დასავლეთში მიმდინარე ამ მსჯელობას პუტინიც გამოეხმაურა და ბირთვული ომის საფრთხეზე ალაპარაკდა, რასაც დასავლეთის ჯარების შესვლა გამოიწვევდა უკრაინაში.
პარასკევს, რვა მარტს, ლიეტუვაში ვიზიტისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბალტიელ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდა.
“რუსეთი ვერ გვიკარნახებს, როგორ დავეხმაროთ უკრაინას მომდევნო თვეებში და წლებში. რუსეთი ვერ დაგვიორგანიზებს ქმედებებს და ვერ დაგვიწესებს წითელ ხაზებს. ამ ყველაფერს ჩვენ თავად გადავწყვეტთ”, – თქვა ფრანგმა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას, გამოცემა “პოლიტიკოს” ცნობით.
“ნატოს ძალების შესვლა უკრაინაში წარმოუდგენელი რამ არ არის”, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიკორსკიმ და დაამატა, რომ აფასებს მაკრონის ინიციატივას, რამდენადაც “პუტინს იმის ეშინია, რომ ჩვენ არ გვეშინია პუტინის”.
როგორც Ukrainska Pravda წერს, შიკორსკიმ გაიხსენა პრეცედენტი ისტორიიდან, კორეის ომი 1950-53 წლებში, როდესაც სახელმწიფოთა კოალიცია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით ომში ჯარების გაგზავნით ჩაერია.
“მივესალმები ბოლოდროინდელ ინიციატივას. რადგანაც, ჩემი აზრით, მისი უკან კეთილი განზრახვები დგას. მაგალითად, ვაიძულოთ რუსეთის პრეზიდენტი, ჰკითხოს საკუთარ თავს, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ნაცვლად იმისა, რომ მივცეთ საშუალება დარწმუნებული იყოს, არაფერს გავაკეთებთ კრეატიულს და ამასობაში, საკუთარი სცენარები გეგმოს”, – თქვა შიკორსკიმ და დაამატა, რომ დასავლეთმა სწორედაც “კრეატიულად დაგეგმილ და ასიმეტრიულ ესკალაციას უნდა მიმართოს”.
“აქ არ შეიძლება არსებობდეს “მაგრამ”. წითელი ხაზები ჩვენ რუსეთს უნდა გავუვლოთ და არა საკუთარ თავებს. გამორიცხული ვერ იქნება უკრაინისადმი დახმარების ვერცერთი სახე. უკრაინას უნდა დავეხმაროთ ყველგან, სადაც და როგორც ეს ყველაზე მეტად იქნება საჭირო”, – ეს უკვე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლანდსბერგისის პასუხია ფრანგი მინისტრისადმი.
დასავლეთის მხრიდან ჭოჭმანს ეპასუხება დმიტრო კულება.
“მე პირადად მომბეზრდა ესკალაციის შიშზე ლაპარაკი. […] რომელი ესკალაციის გეშინიათ? რა უნდა დაემართოს კიდევ უკრაინას, რომ გაიგოთ – უსარგებლოა ეს შიში”, – ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.