მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის გენერალური დირექტორი გიორგი შაგიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს bm.ge-სთან აფასებს და ამბობს, რომ ყოველდღიურად იზრდება რისკი, რომ ქვეყანაში მოვლენები ძალიან ცუდი სცენარით განვითარდეს. მისი თქმით, საქართველო, რომელიც პატარა, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა დასავლეთისგან იზოლაციის პირობებში ვერ შეძლებს განვითარებას და ამით ყველა დაზარალდება.
გიორგი შაგიძე აცხადებს, რომ ნელი იზოლაციის პირობებშიც კი, ქვეყანა შეიძლება ეკონომიკურად მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდეს, რომელსაც გავლენა ექნება როგორც ყველა სექტორზე, ისე ყველა ადამიანის ჯიბეზე.
“ყოველდღიურად იზრდება რისკი მკაცრი და ძალიან ცუდი სცენარის განვითარების. ალბათ ძალიან ბევრს აქვს ნათქვამი და უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის პატარა, ღია ეკონომიკა, რომელიც ინტეგრირებულია მსოფლიოს საფინანსო თუ კაპიტალის ბაზრებთან. შესაბამისად, საქართველოს არ შეუძლია იზოლირებულად იცხოვროს. საქართველოს ეკონომიკის თითქმის 100% არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ბანკების მოზიდული სესხების რაოდენობა. არ გვაქვს ქვეყანას არც გაზი ან რაიმე სხვა ტიპის რესურსი, რომელსაც შეეძლო შეევსო ეს ბუფერი. შესაბამისად, თუნდაც ნელ იზოლაციას, ექნება ძალიან ნეგატიური ეფექტი და ამას ყველა ადამიანი თავის ჯიბეზე იგრძნობს.
პერსპექტივაში არის ყველა ფუნდამენტური ფაქტორი გაფუჭებული. ტურიზმზე იყო საუბარი, უძრავი ქონების ფასებზე, ასევე სერვისების ექსპორტზე, რომელიც რუსეთიდან თუ უკრაინიდან ჩამოსულმა ხალხმა გააკეთა. თუნდაც ნელი იზოლაციის შემთხვევაში ეს ყველა ფაქტორი გაუარესდება. აქ არ არის საუბარი, რომ ხვალ დილით რამე ჩამოინგრევა, საუბარი არის რომ პერსპექტივაში ამათი გაუარესება, აუცილებლად ყველა სექტორზე და ყველას ჯიბეზე აისახება.”- ამბობს მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის გენერალური დირექტორი გიორგი შაგიძე.