დასავლეთთან კავშირების გაწყვეტა, ხელის შემშლელი იქნება ბიზნესისთვისაც, – ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ „ხომლის მარნის“ დამფუძნებელმა, თამაზ ომანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან და ევროკავშირთან მნიშვნელოვანია მეღვინეებისთვის, ვინაიდან ამ ბაზრებზე გასვლა პერსპექტიულია ქართული ღვინისთვის.
„მეღვინეებისთვის ისეთ ნეიტრალურ ბაზრებზე გასვლა, როგორიცაა ბრიტანეთი და გერმანია, სადაც მევენახეობა არაა განვითარებული, საინტერესოა. აქ ჩვენ დიდი პერსპექტივა გვაქვს, შეიძლება ასეთი ქვეყნები გახდეს ჩვენი ტრამპლინი მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა თამაზ ომანაძემ.
მისივე თქმით, ყველასთვის, ვინც აწარმოებს ღვინოს, გამოწვევა არის მარკეტინგი. როგორც „ხომლის მარნის“ დამფუძნებელი ამბობს, უდიდესი თანხაა დასახარჯი მარკეტინგში იმისათვის, რომ ცნობადი გახდეს საქართველო, როგორც ღვინის ქვეყანა, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა. მან ყურადღება დასავლეთიდან წამოსული დაფინანსების მნიშვნელობაზე და მხარდაჭერაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თუ ეს შეჩერდა, ეს „გავლენას მოახდენს“.
„იყო ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის გრანტი – 6-მილიონიანი, რამაც ბევრი რამ გააკეთა ბიომიმართულებით. მე დღესაც ვხვდები მათ ბენეფიციარებს, ტექნიკური აღჭურვილობა, თუ რაც იყო საჭირო მათთვის, ყველაფერი დაუფინანსეს. გამოფენებზე დაჰყავდათ ეს ხალხი, თავიანთი ხარჯით, ურთიერთობები ყალიბდებოდა. გავლენას მოახდენს ეს…
ჩვენი გადასაწყვეტია, რომელ გზას ვირჩევთ, ეს გამოჩნდება არჩევნებზე. ყველა მობილიზებული ვართ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს… ჩვენი გზა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გვაქვს არჩეული, არის ევროპული. მათი ნაწილი ვართ“, – განაცხადა თამაზ ომანაძემ.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, კიბერუსაფრთხოების პროგრამა კი შეაჩერა. ამასთან, საქართველომ ევროკავშირისგან დაკარგა €121 მილიონის დახმარება. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, ქვეყანა მეტს დაკარგავს.