სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბლოგი:
რუსეთის შემოსვლა საქართველოში და ქართველი მანქურთები
დღეს 8 აგვისტოა – ავბედითი თარიღი საქართველოს ისტორიაში. 18 წლის წინ რუსეთმა დაიწყო საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ მიმართული საბრძოლო მოქმედებანი და პირველი ამ ზრახვებს საქართველო ემსხვერპლა!
ეს იყო რიგით უკანასკნელი ანექსია რუსეთის მხრიდან –
დასაბამიდან დღემდე იმპერია მუდმივად ახსენებდა და ახსენებს ქართველებს, რომ ყოველი მათი მეფე რუსი მეფეების სასახლეთა ზღურბლს აკრული ევედრებოდა, გადაერჩინათ მისი ხალხი და სარწმუნოება.
უნდოდა კი საქართველოს რუსეთისგან მოწყალების მიღება? იყო ასე?
ოთხი გრძელი საუკუნის განმავლობაში, ბიზანტიის დაცემის შემდეგ, ქრისტიანობის ზღუდეგამოცლილი, ბრძოლებით დაქანცული და დასუსტებული საქართველო დიდხანს ეძებდა მისსავე აღმსარებლობის მქონე მფარველს. და, რადგან ახლო თვალსაწიერში, ერთის გარდა, გამქრალიყო ერთმორწმუნე ქვეყანა, იმ ერთს მიმართა ქრისტიანული შემწყნარებლობის იმედით, თუმცა რა მოხდა მერე, ამას მუხრან მაჭავარიანის სტრიქონები ამხელენ:
„ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.”
მაგრამ ამაზე რუსული ისტორიოგრაფია დუმს, ან შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს. შედეგი კი ასეთი იყო: რუსეთმა წაართვა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, გაუუქმა ეკლესიას ავტოკეფალია და მეხუთე ადგილი საეკლესიო დიპტიხში; აიძულა, უარი ეთქვა საუკუნეობრივ ადათ-წესებსა და ტრადიციებზე, რაც მანამდე არც ერთ უცხო რჯულის დამპყრობელს არ ჩაუდენია. რუსეთმა ბაგრატიონების დინასტიას ჩამოართვა ყველა უფლება და სამეფო სახლის ყველა წარმომადგენელი რუსეთის სიღრმეებში გადაასახლა, საიდანაც მათ უფლებების აღდგენისთვის ვერანაირი პრეტენზია ვერ გაუჩნდებოდათ. მთელი საქართველო რუსეთის პროვინციად გადააქციეს, რომელიც ორი გუბერნიისგან შედგებოდა. ლიტურგიის აკრძალვასთან ერთად, სკოლებში “ძაღლურ ენაზე“ სწავლება აკრძალეს და ფარნავაზის მიერ ფუძედალოცვილი დამწერლობა ოფიციალურ საქმიანობაში გამოუყენებლად დატოვეს. აქტიურად დაარღვიეს დემოგრაფიული ბალანსი – ქართულ მიწაზე უცხოელები დაასახლეს. ადრე ჩასახლებულებში კი სეპარატიზმს აღვივებდნენ.
არ იცოდნენ მაშინ ქართველებმა რუსეთის იმპერიალისტური ბუნების შესახებ, თუ როგორ ითვისებდნენ ისინი უახლოეს ტერიტორიებსა და ხალხებს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა.
არ გაუმართლათ ქართველებს რუსებთან!
არადა, რუს უფლისწულთან თამარ მეფის უიღბლო ქორწინების მერე უნდა დაფიქრებულიყვნენ ქართველები ამ უიღბლობის ზენაარ ნიშზე. ვერ მიხვდნენ და კიდევ განმეორდა იგივე – ნინო ჭავჭავაძის ჯვრისწერით გრიბოედოვთან…
ამავე დროს რუსები შესანიშნავად იყენებდნენ ერთმორწმუნეობის საცდურს და მრავალი ქართველი ჰყავდათ გადაბირებული სამშობლოს წინააღმდეგ სამოქმედოდ და თავიანთი იმპერიის სასიკეთოდ! ასეთ ქართველებზე კეთდებოდა ფსონი რუსეთისაგან საქართველოს მპყრობელობის ყველა დროში.
პირველი მაგალითი ნაპოლეონთან მებრძოლი პეტრე ბაგრატიონი იყო – ბოროდინოს ბრძოლის გმირი. თუმცა პეტრე ბაგრატიონი საკუთარი სამშობლოს ანექსიის მომხდენი ქვეყნისადმი ძაღლივით ერთგული იყო, ვერ გაბედეს რუსებმა საქართველოს ფეხქვეშ ამოსაგებად მისი საუფროსოდ გაგზავნა საქართველოში – მაინც ბაგრატიონია და, ვაითუ, ქართველებმა ტახტი უბოძონ და მანაც ცდუნებას ვერ გაუძლოსო.
ამიტომ იყო, რომ ამ მისიით წინაპართა სამშობლოში სხვა ქართველი, გარუსებული ციციანოვი (ციციშვილი) მიავლინეს უზურპატორად, ბაგრატიონს კი ძვლები ამოუყარეს საკუთარი საფლავიდან!
საუკუნის გასვლის შემდეგ, მეფობამოშლილილი ქვეყნის „დუმას“ ორი ქართველი ხელმძღვანელობდა, ირაკლი წერეთელი და კარლო ჩხეიძე. ისინი ბეჯითად მსახურებდნენ ერთმორწმუნეთა მაოხარ ქვეყანას და მათი სამშობლოსადმი გაღებული „ღვაწლი“ ის იყო, რომ ირაკლი წერეთელმა, სქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, წამოიკნავლა: „დღეს დაიღუპა რუსეთის დემოკრატიაო“, ხოლო კარლო ჩხეიძემ, პურიშკევიჩის უხამს ხუმრობაზე – მათ ნაციონალურ წარმომავლობასთან დაკავშირებით („ეს სადაური მაიმუნი ლაპარაკობსო“), გაუბედა შეპასუხება: „როცა შენი წინაპრები ტყეში დააბოტებდნენ, ჩემები წმინდა სახარებას თარგმნიდნენო”. იმის შეგნების მიუხედავად, მათ სამშობლოს რელიგიურ-კულტურული უპირატესობა გააჩნდა თუ არა სიუზერენის მიმართ, ორივენი მტარვალ სახელმწიფოს ემსახურებოდნენ და არა – სამშობლოს.
ქვეყნის მთლად დამასამარებელნი იყვნენ ბოლშევიკები – სტალინის, ბერიასა და სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით! სერგო ორჯონიკიძემ სტალინის ბრძანებით, ჯერ საქართველო შთააგდო რუსეთის წიაღში, შემდეგ – მთელი კავკასია. ხოლო ბერიამ, საერთოდაც, რუსეთისათვის ოკეანისგაღმიდან ატომური ბომბის პროექტის აღწერილობა მოიპარა და ისედაც კაცობრიობის მონსტრი რუსეთი სასიკვდილო იარაღით გაამდიდრა.
ორსაუკუნოვანი მონობის დასასრულს საქართველოში აღმოცენდა პარტიული ხელისუფალი – ედუარდ შევარდნაძე – „ერთიანი და დაუშლელი“ საბჭოთა კავშირის მეხოტბე, რომელმაც, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წვითა და დაგვით განთავისუფლებული ქვეყანა, საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობა გააუქმა და რუსეთს გადაულოცა – საქართველო ნეოსაბჭოთა კავშირში – ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ – დსთ-ში მიაღებინა, შემდეგ კი ქართული მიწები – აფხაზეთი და შიდა ქართლი გაახაზირა საბოლოო ჩაბარება-მოხმარებისათვის.
ამ ვაიქართველებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველო რუსულ იმპერიაში ჩარჩენილიყო და მასზე უარი ეთქვა ევროპას. მართლაც, მე -18 საუკუნეში დასავლეთმა უარი უთხრა დახმარებაზე საქართველოს და იმ პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც რუსეთის ალტერნატიულ გზას ეძებდნენ – მაშინ მათ თავიანთი პრობლემები ჰყოფნიდათ. მე-19-ე საუკუნის დასაწყისში დასავლეთი მიესალმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოსმალებისა და სპარსელების ხელიდან გამოგლეჯას და დახუჭა თვალი ანექსიაზე. მე-20 საუკუნის დასაწყისში დასავლეთმა საქართველო იაფ ნავთობსა და გასაბჭოებულ აზერბაიჯანზე გაცვალა; ხოლო მოგვიანებით ქართველ პრეზიდენტს დინების საწინააღმდეგოდ ჩაუთვალა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი სწრაფვა…
დაბოლოს, ისევ მეხუთე კოლონის აღზევება ჩვენს უბედურ ქვეყანაში – კრემლის მიერ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად დასმულმა სალომე ზურაბიშვილმა 2008 წელს ჩადენილი აგრესია საქართველოს მიმართ საქართველოს მიერვე გამოწვეულად გამოაცხადა და მისმა განაცხადმა თან გამოიყოლა რუსებთან ერთობაზე მეოცნებე მანქურთები და კრემლის აგენტები, რომელთაც ავი ბედისწერით, წინანდებურად ჰქონდათ ქვეყანა ხელში ჩაგდებული, რუსეთის უღელში თავი გაყოფილი და უფსკრულში მიჰყვებოდნენ დასაღუპავად განწირულ რუსეთს!
არადა, 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში, როგორც იქნა დასავლეთი გამოფხიზლდა და დღეს გვერდით უდგას იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას – თანაც, მიესალმება ყველა იმ ხალხს, რომელიც იმპერიის ფარული უღლის გადაგდების მოსურნეა!
ამ დროს დასავლეთი ამაოდ ელის საქართველოსაგან პასუხს, ვის ნაცვლადაც მათ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დიმიტრი რაგოზინი პასუხობს: „პატარა საქართველო, როგორც არასდროს, შორსაა ნატოსგან”. საქართველო კი დუმს და მის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ყოფნა-არყოფნის კითხვა: Quo vadis – ვიდრე ჰხვალ?




