დარწმუნებული ვარ ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა ბევრმა ინვესტორმა გამოიყენა და ახლაც, ბევრ მათგანს ღილაკზე უდევს თითი, რომ იყიდონ – ჯაბა დიხამინჯია
ქართული კომპანიების აქციების ფასის ასეთი მკვეთრი ვარდნა ინვესტორებისთვის უფრო მეტად შესაძლებლობა იყო, ვიდრე პანიკის საფუძველი – ასე აფასებს საფონდო ბირჟის ექსპერტი ჯაბა დიხამინჯია „კომერსანტთან“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გუშინ, ქართული კომპანიების აქციების ფასების 15-20%-იან ვარდნას.
ჯაბა დიხამინჯია დარწმუნებულია, რომ გუშინ და დღეს ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა ბევრმა ინვესტორმა სათავისოდ გამოიყენა და ახლაც, ბევრi მათგანi ცდილობს მათ შეძენას.
„მე რომ ვიყო ქართული კომპანიის აქციების ყიდვით დაინტერესებული ინვესტორი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვვაჭრობდე, გუშინდელ დღეს კარგ შანსად ჩავთვლიდი. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ქართული კომპანიების აქციების ფასის ასეთი მკვეთრი ვარდნა ინვესტორებისთვის უფრო მეტად შესაძლებლობა იყო, ვიდრე პანიკის საფუძველი.
ბანკებში არაფერი გაფუჭებულა, საოპერაციო მოგება იგივეა, ინვესტორებს ბონდებს უხდიან, არც მილიონობით ადამიანს დაუწყია ანგარიშების დახურვა, ისინი აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და კვარტალის ბოლოს დიდ მოგებასაც დააგენერირებენ. აქედან გამომდინარე, არის თუ არა ეს შესაძლებლობა ინვესტორებისთვის? – რა თქმა უნდა კი.
მე, როგორც ინვესტორი დავიწყებდი კომპანიის აქციების „მოშორებას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავდი გაფუჭებულ ფინანსურ მაჩვენებლებს, თუ დავინახავდი დეპოზიტების დახურვის ტენდენციას და ა.შ. თუმცა გუშინდელი ვითარება გამოიწვია „ნიუსმა“ და ეს არ იყო კომპანიების პრობლემებით გამოწვეული ვარდნა.
ინვესტირებაში აქვთ ასეთი მიდგომა – „ტელევიზორი გამორთე“ ანუ ახალ ამბებს ნუ უსმენ, რაც საფონდო ბირჟაზე რაციონალურობას გაკარგინებს. კარგმა ინვესტორებმა იციან, რომ არ უნდა აყვნენ „ნიუსებს“, მათ უნდა იმოქმედონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. დარწმუნებული ვარ გუშინდელი ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა ბევრმა ინვესტორმა გამოიყენა და ახლაც, ბევრ მათგანს ღილაკზე უდევს თითი რომ იყიდონ“, – ამბობს ჯაბა დიხამინჯია.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი გუშინდელი 15-20%-იანი დაცემის შემდეგ, დღეს მნიშვნელოვან რყევებს აღარ განიცდის. 16 მაისს, ვაჭრობის გახსნის შემდეგ მხოლოდ მცირედით შემცირდა როგორც „საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე „საქართველოს კაპიტალის“.