5 თებერვალი ცნობილი ქართველი მსახიობის ელენე ყიფშიძის დაბადების დღეა. მისი შთამომავალი ნატალია ყიფშიძე დიდ ბებიას სოციალურ ქსელში იხსენებს და მასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
“ლენა ბებოს დღეა დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ახლო მეგობრები ვიქნებოდით. მიყვარს იდეა შენი…” – წერს ნატალია.
ელენე ყიფშიძე 1925 წლის 5 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 1948 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.
1948 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. ქმნიდა ჰეროიკულ დრამატულ და კომედიურ სახეებს, რომლებიც გამსჭვალული იყო დიდი შინაგანი სითბოთი, ადამიანურობით, გულწრფელობით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით. გამოირჩეოდა მუსიკალობითა და დიდი სცენური მომხიბვლელობით. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუცკია (მ. მრევლიშვილის “ხარატაანთ კერა“), ლილი (ვ. გაბესკირიას “გაზაფხულის დილა“), ვიოლა (უ. შექსპირის “მეთორმეტე ღამე“), მაია (ვ. კანდელაკის “მაია წყნეთელი“), სონა, კეკელა (“ძველი ვოდევილები“), ფოფია (კ. ბუაჩიძის “ეზოში ავი ძაღლია“), მაგდა (ო. ჩხეიძის “ვისია ვისი?!“), მარგო (ლ. როსებას “პრემიერა“) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: “ჩარი რამა“, “თოჯინები იცინიან“, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, “ასი გრამი გამბედაობისათვის“ და სხვ. მონაწილეობდა რადიო და ტელეგადაცემებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
“მახსოვს, ლენამ რომ იმშობიარა, პირველ დღეს მე და ჩემი მეუღლე მივედით მოსანახულებლად. შავი, გამხდარი, უშნო ბავშვი იყო ზურა. მიგვიყვანა ლენამ ბავშვის საწოლთან და გვეუბნება: ნახეთ, რა ლამაზი ბავშვია, გინახავთ ასეთი სილამაზეო? ზურიკოს გვარი და მამის სახელი ბაბუამ მისცა. ლაპარაკობდნენ, ვითომ, ზურა ეროსის შვილიაო; თვითონ ზურაც გაურკვევლობაში, დაბნეული იყო. მამა გვიან გაიცნო და ბოლომდე მეგობრობდნენ. ლენას ზურა მსახიობ ავთო ვერულეიშვილისგან შეეძინა, რომელთან ერთადაც იდგა სცენაზე წლების განმავლობაში. იმ დროისთვის ეს თამამი ნაბიჯი იყო, მაგრამ ლენას ოჯახიდან ამას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, პირიქით, ბავშვის დაბადებას ყველა დიდი სიხარულით შეხვდა. ზურიკო დეიდების გარემოცვაში იზრდებოდა, ვინაიდან ლენა ძალიან დაკავებული იყო თეატრში” – იხსენებდა ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში ლენა ყიფშიძის ბავშვობის მეგობარი ნუნუ ებანოიძე.
ელენე ყიფშიძე გარდაიცვალა 2004 წელს 79 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
,,ეროსი რომ დაიღუპა, იმ საღამოს მასთან ვიყავი სახლში. ბიჭები ვიყავით ასულები, მიდიოდა ნარდის თამაში, სუფრა უნდა გაშლილიყო. მე ვერ დავრჩი, ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და წამოვედი. გამოვედი ოთახიდან და დავარდა კაცი…” – ასე იხსენებს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თავისი უფროსი კოლეგის და მეგობრის, მსახიობ ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების დღეს. ეს მოხდა 40 წლის წინ. ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი მაშინ 57 წლის იყო.
ამ ორი დიდი მსახიობის ცხოვრება ერთი ქალით იყო გადაჯაჭვული, ასევე დიდი მსახიობით – ელენე (ლენა) ყიფშიძით, რომელიც ეროსი მანჯგალაძის მეუღლე გახლდათ. ,,როცა 27 წლის ლენამ იმდროინდელი თბილისისთვის სკანდალური ნაბიჯი გადადგა და ქორწინების გარეშე გააჩინა ბიჭი, მასთან ერთად დაიბადა მითიც, რომ ზურა ეროსის შვილი იყო. ამ მითის თვითონ ზურასაც სჯეროდა კარგა ხანს. უფრო სწორად, არ იცოდა, ვინ იყო მამა, მართლა ეროსი თუ სხვა”, – წერს ჟურნალისტი რეზო შატაკიშვილი თავის ბლოგში…გაგრძელება
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/untitled-design-12-1738831151_1200x630_52x31-J7DCL0-300x158.png)