„დარწმუნებული ვარ, ამ ორ დღეში სებ-მა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად ბანკებზე“ – Bloomberg-ზე ლარი უფასურდება

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად კომერციულ ბანკებზე,“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მთავრობის უგუნურმა განცხადებამ და ეროვნული ბანკის ასევე უგუნურმა და ორაზროვანმა პასუხმა კითხვაზე, აღასრულებენ თუ არა საქართველოს ოთხ მოქალაქეზე დაკისრებულ ამერიკულ ფინანსურ სანქციებს, ლარის გაუფასურება გამოიწვია. ასე იყო ფარცხალაძის დასანქცირების დროსაც, რამაც ეროვნული ბანკის ათეულ მილიონობით დოლარი შეიწირა.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად კომერციულ ბანკებზე ე.წ. Bmatch პლატფორმით. ღია ინტერვენციებს არ აკეთებს, რადგან არ უნდა, რომ ეს გამოჩნდეს. ჩემი სიტყვების მართებულობაში დარწმუნდებით 25 ოქტომბერს, როცა ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს სტატისტიკას. მსგავსი ცეცხლის ჩაქრობა რეზერვების მისხმის გარეშე არ ხდება.
25 ოქტომბრამდე რომ გვიწევს ლოდინი და ამას ეროვნული ბანკი რომ გამიზნულად აკეთებს, ამაზე არაერთხელ მითქვამს,“ – წერს გოცირიძე.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7292 კურსით დაიწყო. 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7300 ლარად ივაჭრებოდა. რაც შეეხება, ეროვნული ბანკის მიერ 19 სექტემბრის დადგენილი კურსს, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7236 ლარია.