დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ირინა კაკაჩია, რომელიც დარჩელის საბავშვო ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მომხდარს მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.
დღეს, 17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ფეისბუქ-პოსტში კაკაჩია იხსენებს, რომ წელიწადნახევარი ასრულებდა დირექტორის მოვალეობას, სანამ მისი წინამორბედი შეუძლოდ იყო.
რაც შეეხება მის ამ თანამდებობიდან გათავისუფლებას, კაკაჩია აღნიშნავს, რომ „პირველი ეჭვი გაჩნდა მაშინ, როდესაც დარჩელის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის დამთავრების ღონისძიებაზე“ პროევროპული პერფომანსი დადგეს.
„აღნიშნულმა ჩანაწერმა მოიარა სოციალური ქსელები და აღფრთოვანებული იყო ყველა. მოსწავლეებმა ეს დამოუკიდებლად გააკეთეს, როგორც პედაგოგის პირდაპირი წილი, ჩემი არანაირი არ ყოფილა, მაგრამ გამიხარდა თუ არა?! დიახ, გამიხარდა და ეს სიხარული არ დამიმალავს, რადგანაც ვთვლი, რომ ახალგაზრდები იყვნენ მართლები და ამაყი თაობა იდგა რუსთაველზე, ხელისუფლებამ კი ნამდვილად მიიღო, ანტიქართული კანონი“, – წერს კაკაჩია.
მისივე თქმით, გათავისუფლების გადაწყვეტილება სოფელში „ოცნების“ შტაბის მმართველმა მაღალჩინოსანმა მიიღო:
„ქართული ოცნების შტაბს დარჩელში მართავს, ყველასთვის ცნობილი მაღალჩინოსანი! ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას. კონკრეტულად, ზემოთნახსენები ჩინოვნიკის მიუღებლობა ჩემს მიმართ, გახდა ჩემი განთავისუფლების მიზეზი. რაც დამეთანხმებით, წმინდა წყლის პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას ნიშნავს!“, – ვკითხულობთ მის პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ