შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია დაჩქარებული წესით გეგმავს, საქართველო-რუსეთის საზღვართან, „დარიალის“ გამშვებ პუნტქთან საცხოვრებელი სივრცე გააფართოოს იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ქვეყანაში არ შემოუშვებენ.
ეს საჭიროება რუსეთიდან დეპორტირებული იმ უკრაინელების გამო გაჩნდა, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 299 990 ლარია. სამუშაოებს შეასრულებს შპს „ბარსონა 21“.
„სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალი“ ერთადერთი მოქმედი სასაზღვრო გამტარი პუნქტია, სადაც ბოლო პერიოდში,დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირები, ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იხდიდნენ სასჯელს, სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის, მათ შორის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ, სასჯელის მოხდა დაასრულეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში.
სასჯელის მოხდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ხდება აღნიშნული პირების ე.წ. „დეპორტაცია“ საქართველოს აღნიშნულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან“, – წერია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
დაახლოებით ორი თვე ან უფრო მეტი ხანია, რაც ათობით უკრაინელი საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვართან, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ („დარიალის“) პუნქტში ცხოვრობს. სძინავთ მორიგეობით, საქართველოს ნახევრად აშენებული ტერმინალის სარდაფში საწოლები არ ჰყოფნით.
რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ 25 ივნისს წერდა, რომ დაყოვნების სივრცეში, რომელშიც ნესტიანი ბეტონის მძიმე ჰაერია და ფანჯრები არ აქვს, 16 საწოლი იყო სულ. ამ საწოლებს 56 ადამიანი მორიგეობით ინაწილებდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით 16 ივლისს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ გაავეცელეს „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის კომენტარი.
„აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება. ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი.
როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა, გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომ დაბრუნდნენ ისინი სამშობლოში“, – თქვა მაშინ დარახევლიძემ.
საქართველოს საზღვართან მყოფი უკრაინელების შესახებ
რუსეთი რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ უშვებს პატიმრებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაასამართლეს. მათი უმეტესობა, იძულებით ძალადობრივად გადაყვანის შემდეგ, სასჯელს რუსეთის კოლონიებში იხდიდა.
უკრაინელი ადამიანის უფლებათა დამცველები დეპორტირებულთა ნაკადის ზრდას ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებას უკავშირებენ.
2023 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომ თუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი რუსეთის მოქალაქეობას არ აიღებს, მის სტატუსს უცხოეთის მოქალაქის სტატუსს გაუთანაბრებენ. სხვა ბრძანების თანახმად, რომელიც 2025 წლის მარტში შევიდა ძალაში, უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე „კანონიერი საფუძვლის გარეშე“ და ვალდებულნი არიან, თავიანთი იქ ყოფნა დააკანონონ, მაგალითად, მიიღონ პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა 10 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ან თავად უნდა დატოვონ ქვეყანა, ან მოხდება მათი დეპორტაცია.
ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა შესაძლოა სექტემბრისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
