პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ანგარიში დეპუტატებს „საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ წარუდგინა.
„მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის თაობაზე, ასევე ბიუჯეტის დაფინანსების წყაროებზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გრანტებისგან და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისგან შედგება.
მისი თქმით, გასული წელი აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს ახალი კანონი მიიღო, რომელიც 2023 წლის 30 აგვისტოდან ამოქმედდა და კიდევ უფრო ქმედითი და ეფექტური გახადა სამსახურის საქმიანობა.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს „საქსტატში” განხორციელდა რიგი ცვლილებები და დაინერგა სიახლეები. მომხსენებლის თქმით, საანგარიშო პერიოდში გაუმჯობესდა მონაცემთა ხარისხი, გაფართოვდა სტატისტიკის არეალი, გაუმჯობესდა სტატისტიკის გამოყენების ხარისხი, შეიქმნა ახალი პროდუქტები და ამოქმედდა ახალი სერვისები.
„საანგარიშო წლის განმავლობაში შევქმენით არაერთი ინოვაციური პროდუქტი და ავამოქმედეთ ახალი სერვისი, როგორიცაა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალი, ავტომობილების სტატისტიკის პორტალი, ბავშვებისა და მოზარდების, ასევე რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი, რომლის საფუძველზეც 2023 წლის განმავლობაში ჩვენი ინფორმაციის მომხმარებელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და 960 ათასს გადააჭარბა”, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-16 ადგილზეა, ხოლო OPEN DATA WATCH- ის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში დასახელდა.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის საქმიანობის შესახებ და სამომავლო გეგმებზე.
კომიტეტმა მოსმენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.