საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა ხმამაღალი განცხადებების ფონზე მიმდინარეობს – თინათინ ბერძენიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს და ბორდის სხვა წევრებს კრიტიკულად განწყობილი ადამიანთა აზრის მოსმენა უწევთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ “პირველი არხი” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს.
სხდომაზე პირველი არხის მენეჯმენტის წინაშე მამხილებელი განცხადება “მოამბის” წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გააკეთა. ჟურნალისტმა, რომელიც მოშიმშილე მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს, “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული ვასილ მაღლაფერიძე კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, როცა სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს არბევდა, მაღლაფერიძე საეთეროში იმყოფებოდა, რისი უფლებაც მას არ აქვს:
მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე შავ ფორმებში ჩაცმულები, ყოველგვარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გარეშე მყოფი პირები არბევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა მოამბის საეთეროში, მარტივად დასადგენი ფაქტია, ამოვიღოთ ჩანაწერები, ვკითხოთ საეთეროს თანამშრომლებს. სხვა საკითხია, რას აკეთებდა, აქვს თუ არა მას უფლება, თქვას, რა გავიდეს და რა შევიდეს ეთერში – აქვს ამის უფლება? არავითარ შემთხვევაში არ აქვს. კანონი ჩვენ გვავალდებულებს ყველაფერს, სარედაქციო დამოუკიდებლობას – აქვს თუ არა ვასილ მაღლაფერიძეს გავლენა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე? კი, აქვს. რანაირად აქვს? – მარტივად. მას აქვს შეხმატკბილებული ურთიერთობა არხის მენეჯმენტთან, მას აქვს ასეთივე ურთიერთობა აწ უკვე ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელთან და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, რომ აღარ ვთქვათ არაფერი სხვა თანამშრომლებზე. გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის, მე პოზიციას არ ვცვლი, საზოგადოებრივი ამბების ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ, გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი”, – თქვა მან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სკანდალური განცხადება არხის ყოფილმა თანამშრომელმა, გიგა კიტიამაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ დარბევების დროს ჭყლეტაში მოყვა და მისი დის პოვნა სხვა არხების მეშვეობით შეძლო.
