“დარბაზში იჯდა დასვრილი „საპოგებით”, სახლის სვიტერებითა და ჯინსებით შემოსილი ხალხი” – პიანისტი მანანა ჩიქოვანი ოპერის მაყურებელს აკრიტიკებს

ქართველი საკონცერტო პიანისტი, ცნობილი ბარიტონის, ლადო ათანელის მეუღლე მანანა ჩიქოვანი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლს „ქეთო და კოტე“ დაესწრო და სპექტაკლის შემდეგ სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.

პიანისტმა სპექტაკლით აღფრთოვანება გამოხატა, მაგრამ დარბაზში მყოფი მაყურებელი მკაცრად გააკრიტიკა.

მანანა ჩიქოვანის კრიტიკული შეფასება მაყურებლის ვიზუალურმა მხარემ და თეატრისთვის შეუფერებელმა ჩაცმულობამ გამოიწვია.

„ოპერის თეატრის დარბაზის შევსებულმა მაყურებელმა გამაოგნა. ჩვენს ულამაზეს ოპერის თეატრის დარბაზში იჯდა პალტოებით, ქუდებით, დასვრილი “ საპოგებით”, სახლის სვიტრებითა და ჯინსებით შემოსილი ხალხი.

თავი თბილისის გარეუბნის ბაზრობაზე მეგონა, სადაც ერთხელ მეგობარს წავყევი და ის საშინელი შთაბეჭდილება დღემდე მომყვება.

დარბაზში, მაყურებელმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ არა ლინა და ნანიკოს სიყვარული, ალბათ, არც დავრჩებოდი მოსასმენად.

ოპერის ადმინისტრაციამ ასეთი მაყურებელი, რომელიც არც თავის თავს სცემს პატივს, არც საზოგადოებას და არც ჩვენს სახელოვან თეატრს, არ უნდა დაუშვას ოპერის თეატრში. იქნებ ბილეთზე მიუთითონ დრესკოდი. იქ უცხოელებიც შევნიშნე, რომელნიც დრესკოდს იცავდნენ და შესაბამისად გამოიყურებოდნენ.

მე პირადად ძალიან შევწუხდი და გამახსენდა ის ოპერის მაყურებელი, ოპერის თეატრში მოსასვლელად სპეციალურად ტანსაცმელს რომ იძენდნენ და იკერავდნენ.

სამწუხარო და არაეთიკურ რეალობასთან გვაქვს საქმე. იქნებ როგორმე აღდგეს ძველი ტრადიცია და ოპერის თეატრში წასვლა და სპექტაკლის მოსმენა და ნახვა დღესასწაულად დაესახოს მაყურებელს.

პ.ს. უაზრო კომენტარების გამო, იძულებული ვარ დავამატო იმ ადამიანებისთვის, ვინც არ მიცნობს. მე ოპერაში პირველად არ ვყოფილვარ, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ.

მე ვარ საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ღირსების ორდენის კავალერის, შალვა ჩიქოვანის ქალიშვილი, რომელმაც 50 წელი ოპერის თეატრში იმუშავა და მეც 3 წლიდან ოპერაში ვიჯექი. დედა – ვენერა ჩიქოვანი მომღერალი იყო და ოპერის თეატრში მრავალი როლი აქვს ნამღერი; მე – საკონცერტო პიანისტი ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, 40 ზე მეტი ოპერა მაქვს შესწავლილი. ჩემი მეუღლე არის მსოფლიო ბარიტონი – ლადო ათანელი. მსოფლიო საუკეთესო ოპერის თეატრებში მღეროდა და მღერის. ასე რომ, გაითვალისწინეთ როცა კომენტარებს წერთ,“ – წერს პიანისტი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ