შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 8-9 სექტემბრის მოვლენების დროს დაკავებული სამივე პირი პატიმრობიდან გათავისუფლდება.
დარახველიძის თანახმად, ოცნებასთან დაკავშირებული პირები ბრალის წარდგენის გარეშე უკვე გაათავისუფლეს. მისი თქმით, “დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა”.
რაც შეეხება მეგი დიასამიძეს, დარახველიძის თქმით, ბრალდების მხარე მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.
“მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, 8-9 სექტემბერს, ქალაქ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ.
დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.
რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან”, – თქვა დარახველიძემ.
ისინი 10 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულებს შორისაა 23 წლის სტუდენტი, რომელსაც კახა კალაძის ბანერის დაზიანებას ედავებიან.
