ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ირწმუნება, რომ აქციების დაშლისას არ გამოუყენებიათ კამიტი, თუმცა არ პასუხობს კითხვას, კონკრეტულად რა ნივთიერებები იყო წყლის ჭავლში გარეული.
ჟურნალისტებთან საუბრისას ის ამტკიცებდა, რომ ყველა საშუალება, რაც იყო გამოყენებული, იყო შესამაბისი სტანდარტების.
“პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული საშუალებები, ეს იყო ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები. მათ შორის, იყო წყალსატყორცნი და იყო შესაბამისი საშუალებები. რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, გაკეთდა განმარტება, რომ თითქოს გამოყენებული იყო კამიტი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის მტკნარი სიცრუე. გამოყენებული იქნა ის საშუალებები, რაც არის კანონით გათვალისწინებული, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შესაბამისად, ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას აქვს გაეცემა პასუხი”- თქვა დარახველიძემ.




