შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, რა ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.
ამის დაზუსტება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 6 დეკემბერს სუს-მა განაცხადა, რომ ამ საკითხზე გამოძიება დაასრულა და 4-5 დეკემბრის პროევროპული აქციების დარბევისას ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, იგივე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რა ნივთიერება გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ღამის ჩათვლით.
დღეს, 8 დეკემბერს, ალექსანდრე დარახველიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ნივთიერებებით არბევდნენ დემონსტრანტებს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. არაერთი დამაზუსტებელი კითხვის მიუხედავად, ალექსანდრე დარახველიძემ პასუხი არ გასცა.
„სუს-მა ჩაატარა დეტალური და სრულყოფილი გამოძიება, სადაც ყველა კითხვას, რაც BBC-ის ფილმში იყო დასმული, გაეცა პასუხები. რაც შეეხება პოლიციის მხრიდან გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს, მისი გამოყენება ხდება მაშინ, როცა ადგილი აქვს მასობრივი არეულობას, ადგილი აქვს მასობრივ თავდასხმებს პოლიციაზე და სახელმწიფო უწყებებზე. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ წინა წლის მოვლენების დროს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, საქართველოს პარლამენტის გადაწვის მცდელობას, შესაბამისად, პოლიციამ იმოქმედა კანონის შესაბამისად, გამოიყენა ყველა ის სპეციალური საშუალება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. რაც შეეხება კონკრეტულ ნივთიერებას, სუს-მა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა იმ ნივთიერების შესახებ ინფორმაციას, რაც იქნა მითითებული“, – განაცხადა დარახველიძემ.
ალექსანდრე დარახველიძემ არ უპასუხა კითხვას, იყო თუ არა წინა დღეების განმავლობაში გამხსნელად გამოყენებული ტრიქლორეთილენი.
სუს-ის თანახმად, ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი და აღნიშნული ნივთიერება შსს-ის მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 17 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ქლოროტრიქლორეთილენთან ერთად.
ალექსანდრე დარახველიძეს ჰკითხეს, აქვს თუ არა ვადა ტრიქლორეთილენს. მან არც ამ კითხვას უპასუხა.
ამასთან, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსის, ლაშა შერგელაშვილის თქმით, წყლის ჭავლთან ერთად ქიმიური ნივთიერება 2020 წლის ნოემბერში, ცესკოსთან გამართულ აქციაზე შეცდომით გამოიყენეს და პოლიციის თანამშრომლებიც მოწამლეს.
„უბრალოდ ავტომობილი „ტომა“ გამოვიდა მწყობრიდან, ავტომატურად ჩაირთო და მოახდინა იმ იმ ტერიტორიის მისხურება, მოწამვლა, ადგილის, სადაც პოლიციელები იდგნენ. ორი მათგანი სასწრაფოში გადაიყვანეს. ეს თემა მაშინ მიჩქმალეს“, — განაცხადა შერგელაშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ლაშა შერგელაშვილი არაერთ დაუზუსტებელ ინფორმაციას ავრცელებს.
„სუს-მა დაადასტურა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიყალბე და სიცრუე“, – აცხადებს დარახველიძე.
აღსანიშნავია, რომ სუს-მა ლაშა შერგელაშვილზე ძებნა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მან BBC-ს ინტერვიუ მისცა. უწყება მუშაობს ვერსიაზე, რომ შერგელაშვილი ფიგურირებს საქმეში, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბრის აქციისთვის, უკრაინიდან საქართველოში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოიტანეს.
ამავე თემაზე:
· სუს-მა გამოძიება დაასრულა – რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში?
· BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს
· კობახიძე ადასტურებს UN3439 კოდის „უცნობი“ ნივთიერების შესყიდვას და სავარაუდო გამოყენებას
· Amnesty International აქციების დასაშლელად ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს




