დაპირისპირება გრძელდება – “…ვისაც მაგას ქრისტე ღმერთი ამბროსი ხელაია ჰგონია, ისაა პრობლემა” (ვიდეო)

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ამბობს, რომ არქიმანდრიტ შიო კვარაცხელიას ბრალდებებს არ უპასუხებს, რადგან რეალური პრობლემა მამა დოროთეა. სასულიერო პირი მამა შიოს მამა დოროთეს “ლეკვად” და “ცხვირმოუხოცავ” არქიმანადრიტად მოიხსენიებს. მის შესახებ მან ” პირველებთან” ინტერვიუში ისაუბრა.

ამასთან, დეკანოზი ალექსანდრე “ოცნების” ხელისუფლებას აქებს და ამტკიცებს, რომ ასეთი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია.

კითხვაზე, დაიბარებენ თუ არა არქიმანდრიტ შიოს საპატრიარქოში, დეკანოზი არ პასუხობს.

შიო კვარაცხელიასთან პრობლემა არ მაქვს, იმიტომ, რომ ვინც მაგას აგულიანებს, ვინც მაგას ქრისტე ჰგონია და ამბროსი ხელაია, ისაა პრობლემა. პრობლემა არის დოროთეში, ესენი არიან მისი ლეკვები. სულ არ მადარდებს მამა შიო ვინ არის. რა პასუხი უნდა გასცე ახლა ცხვირმოუხოცავ არქიმანდრიტს? რომ ვთქვა “არ ვარ რუსეთუმე”? “შიგ ევროპელი ვარ”, ეს ვთქვა? ევროპული ფასეულობა თუ გინდათ, თქვენ გახდით ევროპელები. მე ასე ვფიქრობ, რომ ევროპელი უნდა გავხდე მე. რა არის ეს ევროპულობა? რომ გაჭირვებულთან მიხვიდე, რომ დაიცვა ადამიანი, რომ სხვისი უფლებები არ დაარღვიო, რომ არ სცემო ადამიანები… ვნახე რაღაც კადრები. როგორ დავგმო?ფეხები ვაბაკუნო? ეს ხელისუფლება ათასჯერ სჯობია წინა ხელისუფლებას. ამაზე უკეთესი ხელისუფლება არ იყო, იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი განმსაზღრელი ხელისუფლების ავკარგიანობის არის ციხე.  მისულხართ ციხეში?მე შიგნით დავდივარ წლებია და ნახეთ, როგორი ციხეებია, რამხელა უფლებები აქვთ პატიმრებს და როგორი დაცულები არიან, – ამბობს დეკანოზი ალექსანდრე. 

არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია დეკანოზ ალექსანდრე გალდავას უპირისპირდება. “უვიცი, უსამართლო, მოძალადე, რუსეთუმე, ჭორიკანა” ამ სიტყვებს იყენებს პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე.

არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია დეკანოზს ურჩევს “თავი დაანებოს თეატრალურ წარმოდგენებს და სახარება გულდასმით წაიკითხოს”.