იმის მიუხედავად, რომ 2025 წლის დასაწყისში აზერბაიჯანი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ აზერბაიჯანის ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრების პირობებში პირველი მატარებელი საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით 28 მაისს დაიწყებდა მოძრაობას, აზერბაიჯანთან სახმელეთო გადაადგილება ჯერ ისევ არ აღდგენილა და არც წინასწარი ინფორმაცია არსებობს მის შესაძლო აღდგენაზე.
დახურვის ოფიციალური მიზეზი
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრების დახურვის გადაწყვეტილება [ირანთან, რუსეთთან, საქართველოთან და თურქეთთან] დაახლოებით, 5 წლის წინ, 2020 წლის მარტში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ კარანტინის რეჟიმის ფარგლებში გამოაცხადა. მას შემდეგ ოფიციალურ მიზეზად დასახელებული საკარანტინო რეჟიმი რამდენჯერმე გადავადდა და ბოლო მონაცემებით, ძალაში, მინიმუმ 2025 წლის 1 ოქტომბრამდე რჩება. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.
ოფიციალური მიზეზის მიღმა
ზოგი ექსპერტის მოსაზრებით, ეს შეიძლება იყოს სტრატეგიული ნაბიჯი აზერბაიჯანისთვის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და რეგიონში სიტუაციის კონტროლის მიზნით.
2024 წლის აპრილში, COP29-ის წინ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო საზღვრების დაკეტვა ჯერ კიდევ COVID-19-ის შეზღუდვებთან იყო დაკავშირებული, ეს უფრო მეტად უსაფრთხოების ზომა იყო.
“პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამის გამო მიღებული არ არის. როგორც პრეზიდენტი, როგორც ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ეროვნულ უსაფრთხოებას აკონტროლებს, შემიძლია ვთქვა, რომ საზღვრების დაკეტვის შემდეგ ჩვენი უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზარდა”, – განაცხადა მაშინ ალიევმა.
ამასთან, 2024 წლის 25 ნოემბერს აზერბაიჯანის მილი მეჯლისში [პარლამენტი] გამოსვლისას დეპუტატმა ზაჰიდ ორუჯმა საზღვრების არგახსნა დაუკავშირა რუსეთ-უკრაინის ომსა და ირანის სამხედრო ოპერაციებს. ორუჯი ამბობდა, რომ საზღვრების გახსნის შემთხვევაში ქვეყანაში 100 000 მიგრანტი შემოვიდოდა, რაც პოლიტიკურ სტაბილურობას შეუქმნიდა საფრთხეს.
როგორ გადაადგილდებიან მოქალაქეები აზერბაიჯანიდან და აზერბაიჯანში
ბაქოში ქორწინების შემდეგ 43 წლის ბულია აბდულაევა, 2020 წლამდე საქართველოში, ბოლნისის რაიონში მშობლებთან წელიწადში, სულ მცირე, 2-3 ჯერ ჩამოდიოდა ხოლმე. მას შემდეგ მშობლების ნახვა ძვირადღირებულ ფუფუნებად ექცა.
“ახლა წელიწადში ერთხელაც ძლივს ვახერხებ. ისიც მხოლოდ მე, ბავშვების გარეშე, რადგან თვითმფინავით ჩამოსვლა ძალიან ძვირი გვიჯდება მთელ ოჯახს. სამწუხაროა, რომ ხანდაზმულ მშობლებთან უშუალო შეხვედრის შესაძლებლობები გვერთმევა. აღარც დაპირებული მატარებელი ჩანს, არადა, ისე გვიხაროდა”, – ამბობს აბდულაევა.
აზერბაიჯანიდან საქართველოში თვითმფრინავის ბილეთის საშუალო ფასი [აზერბაიჯანის ავიახაზებით] 250 აშშ დოლარია. მატარებლის ამოქმედების შემთხვევაში, ქართულმა მხარემ ბილეთის ფასი 50-70 ლარად განსაზღვრა, თუმცა, სარკინიგზო მიმოსვლა ასეც არ აღდგა.
ბულია აბდულაევას მსგავს მდგომარეობაში აზერბაიჯანისა და საქართველოს მრავალი მოქალაქე აღმოჩნდა. თუმცა, გადაადგილების პრობლემის მასშტაბები კიდევ უფრო დიდია – აზერბაიჯანელ მკვლევართა ავტორობით სტატიაში “აზერბაიჯანის დახურული საზღვრები – უსაფრთხოების ზომა თუ ადამიანის უფლებების დარღვევა” ვკითხულობთ: “სახმელეთო საზღვრების დახურვის ყველაზე თვალშისაცემი გავლენა მოქალაქეებისა და ემიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ჩანს. მილიონობით აზერბაიჯანელი, რომლებიც რუსეთსა და უკრაინაში ცხოვრობენ, ფაქტობრივად, ვეღარ ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით მწვავედ გამოიხატა 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როცა ასობით აზერბაიჯანელი შრომითი მიგრანტი აღმოჩნდა საზღვარზე ჩაკეტილი”.
ამასთან, ყველაზე ბევრი სოციალური ჯგუფისთვის მარშრუტი აზერბაიჯანი-საქართველო-აზერბაიჯანი მაინც ყველაზე მოთხოვნადი რჩება: მათ შორის აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის, ვინც თბილისის უმაღლეს სასაწვლებლებში სწავლობენ. ასევე, ადამიანებისთვის, რომლებიც მანქანის ნაწილებზე და ავტორემონტის მიზნით გადაადგილდებოდნენ. და რა თქმა უნდა, ყველაზე მძაფრად პრობლემა შეეხოთ სასაზღვრო რაიონების მოსახლეობას – როგორც აზერბაიჯანელებს, ასევე აზერბაიჯანული პასპორტების მფლობელ ეთნიკურ ქართველებს. მათთვის ეს შეზღუდვა ნიშნავს, რომ ვერ მოინახულონ ახლობლები, რომლებიც საზღვარს მიღმა ცხოვრობენ.
პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის კრიტიკის დროს ზურაბიშვილმა თქვა, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება ამდენად შეშფოთებულია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების კომფორტული გადაადგილებით, აზერბაიჯანელ ქართველებზეც უნდა ფიქრობდეს.
“იმაზეც ხომ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ უკვე სამი წელია, არ შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს ჰერეთიდან ჩამოსვლა, რადგანაც კოვიდის შემდეგ ჩაკეტილი ლაგოდეხ – ბელაქანის საზღვარი აღარც გახსნილა. ადამიანებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ, რაც პრაქტიკულად მათი უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება”, – განაცხადა მაშინ ზურაბიშვილმა.
2025 წლის დასაწყისში ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა გაასაჯაროვეს ინფორმაცია, რომ ამავე წლის მაისიდან მატარებლის მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიღებულია, რასაც აზერბაიჯანში ამდენი ცრუ დაპირების ფონზე, მაინც სკეპტიკურად უყურებდნენ. “პანდემიის” გამო სახმელეთო გზის ჩაკეტვის ვადად ოფიციალურად განსაზღვრული 1 ოქტომბერი კი, აზერბაიჯანელებისთვის მორიგი თარიღია, რომელიც ისევ გადაიწევა.




