უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, ბელგოროდის ოლქში ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Ил-76-ზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ იმყოფებოდნენ.
“იყვნენ თუ არა იქ ჩვენი ტყვეები? დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არა. ეს რომ მართლა ასე ყოფილიყო, ადგილზე მეტი ბიოლოგიური მასალა, ანუ დაღუპულთა სხეულები იქნებოდა. არაფერი მსგავსი არ მომხდარა, ეს ყველაფერი მათ წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. ამიტომ, დაველოდოთ, უბრალოდ უნდა დაველოდოთ. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ლავროვი ამას ბევრჯერ გაიმეორებდა გაეროში და ამ ყველაფერს აჩვენებდნენ. არაფერი არ აქვთ საჩვენებელი, ეს რომ რეალურად მომხდარიყო, საერთოდ სხვა სურათი იქნებოდა” – ამბობს დანილოვი.
თუმცა, დანილოვმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, ცოცხლები არიან თუ არა ის ტყვეები, რომელთა შესახებაც რუსეთი ამტკიცებდა, რომ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.
საუბარია 24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76-ის ჩამოგდებაზე. მოგვიანებით უკრაინამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს.
რუსული ტელეგრამ-არხი 112 საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 75 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. აქამდე რუსი სამხედრო ბლოგერი, იური კოტიონოკი წერდა, რომ დაიღუპა 63 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, Ил-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ.