დანიაში სამხედრო ობიექტების მახლობლად დრონები დააფიქსირეს, – ინფორმაციას Reuters-ი დანიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ღამით დანიის თავდაცვის რამდენიმე ლოკაციაზე დრონები დაფიქსირდა“, – განაცხადა დანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.
დანიის შეიარაღებულ ძალებში არ დააკონკრეტეს, თუ სად დააფიქსირეს დრონები.
პოლიციის ცნობით, დრონები დანიის დასავლეთ ნაწილში, კარუპის საჰაერო ბაზის მახლობლად შენიშნეს.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში დრონების დაფიქსირების გამო დანიის რამდენიმე, მათ შორის კოპენჰაგენის აეროპორტი, რამდენიმე საათით დაიხურა.
დრონების გამოჩენასთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ დანიელები კიდევ უფრო მეტი ჰიბრიდული თავდასხმისთვის უნდა მოემზადონ.
„ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ შეუძლია დაასკვნას, თუ ვინ დგას ბოლო დღეებში დანიის აეროპორტებში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის უკან, თუმცა რუსეთი ევროპის მთავარ მოწინააღმდეგედ რჩება, რომელიც კონტინენტის დესტაბილიზაციას ცდილობს. უნდა ველოდოთ მსგავსი თავდასხმების მეტ შემთხვევას“, – აღნიშნა მეტე ფრედერიქსენმა.
