დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
დანიის საგარეო უწყების განცხადებით, ისინი ინარჩუნებენ EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა.
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას. EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების და ზოგადი დემოკრატიული უკუსვლის გამო.
დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და შემდეგი ქვეყნები მიიღებენ: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, საქართველო, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
