დანიის პრემიერმინისტრმა ბოდიში მოუხადა ესკიმოსი ქალების სტერილიზაციის პროგრამის გამო

დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა, ბოდიში მოუხადა გრენლანდიელ ქალებს მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამის გამო, რომელიც ესკიმოსი ქალებისთვის შობადობის შეზღუდვას ითვალისწინებდა.
„ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ის, რაც მოხდა. თუმცა, შეგვიძლია პასუხისმგებლობა ვიკისროთ“, – განაცხადა მან 27 აგვისტოს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ფრედერიქსენთან ერთად, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმაც მოიხადა ბოდიში. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს ამბავი გრენლანდიის მრავალი მაცხოვრებლისა და ოჯახისთვის რისხვისა და მწუხარების მიზეზია“, – მოჰყავს მის სიტყვები DK-ს.

ესკიმოსი ქალების სტერილიზაციის პროგრამა გრენლანდიაში 1960-იანი წლებიდან მოქმედებდა, შემთხვევების უმეტესობა მოხდა სამოცდაათიანი წლების შუა პერიოდამდე. ექიმები კუნძულის მაცხოვრებელ ქალებს საშვილოსნოში ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალს უდგამდნენ, ხშირ შემთხვევაში მათი გაფრთხილების ან მათგან თანხმობის მიღების გარეშე.

პროგრამის პირველი ხუთი წლის განმავლობაში, გრენლანდიის რეპროდუქციული ასაკის ქალი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა მიიღო ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოსშიდა საშუალება. ზოგიერთ შემთხვევაში, სპირალი 12 წლის გოგონებსაც კი ჩაუდგეს. ეს მოხდა კუნძულის „დანიზაციის“ პოლიტიკის ფონზე – მისი დანიელებით დასახლებით და ესკიმოსური მოსახლეობისა და კულტურის შევიწროებით.

2022 წელს მთავრობამ დაიწყო პროგრამის გამოძიება, რომელიც ამ წლის 1 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. 143 ქალმა სახელმწიფოს უჩივლა და დაახლოებით 6,7 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა. გრენლანდიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, მუტე ბოურუპ ეგედემ, სტერილიზაციის პროგრამას „გენოციდი“ უწოდა.

ში 1929 წლიდან მოქმედებდა კანონი, რომელიც მთავრობას ბავშვებისთვის „მორალურად უვარგისი“ მშობლების სტერილიზაციის უფლებას აძლევდა, წერს DK. ამ კანონის მიხედვით, 1967 წლამდე, არანაკლებ 11 ათასი დანიელი იყო სტერილიზებული. მათ შორის იყვნენ დამნაშავეები, ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე ადამიანები, „ასოციალურ ქცევაში“ ბრალდებული ახალგაზრდები და ცუდი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები. ბოლო შემთხვევები 1972 წელს აღინუსხა.

ფორუმი