დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა ქვეყნის მეფეს თავისი მთავრობის გადადგომის წერილი წარუდგინა მას შემდეგ, რაც მისმა სამპარტიულმა მემარცხენე კოალიციამ ეროვნულ არჩევნებში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
ხმების 21.9%-ით ფრედერიკსენის პარტიას მაინც ყველაზე მეტი მანდატი აქვს, თუმცა მისმა მემარცხენე ბლოკმა ვერ მიაღწია 90 მანდატს, რაც ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად არის საჭირო. მიუხედავად ამისა, ფრედერიკსენს კვლავ აქვს შანსი, მესამე ვადით გახდეს პრემიერმინისტრი, თუმცა დანიაში, როგორც წესი, კოალიციური მთავრობები ყალიბდება, ამიტომ ახლა პარტიებს რთული მოლაპარაკებები ელით, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირაც გაგრძელდეს.
არჩევნებზე სულ თორმეტი პოლიტიკური პარტია იყო წარმოდგენილი და ეს დაძაბული არჩევნები საბოლოო შედეგამდე ძალიან მცირე სხვაობით მივიდა.
სულ 84 მანდატის მოპოვებით, მემარცხენე პარტიების “წითელმა ბლოკმა” მცირე უპირატესობა მოიპოვა მემარჯვენე “ლურჯ ბლოკთან” შედარებით, რომელსაც ჯამში 77 მანდატი აქვს.
14 მანდატი მოიპოვა ზომიერების პარტიამ, რომლის ლიდერიც დანიის ყოფილი პრემიერმინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენია. დასავლური მედია წერს, რომ კოალიციურ მოლაპარაკებებში ყურადღება ამ პატარა პარტიის მანდატებზე იქნება გამახვილებული.