დანიგანი „ტრენინგების საქმეში” USAID-ის შესაძლო მონაწილეობაზე: იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა პირველ ინტერვიუში, რომელიც მან რადიო თავისუფლებას მისცა, „ტრენინგების საქმის” შესახებ შეკითხვას უპასუხა. დიპლომატი „რევოლუციურ სცენართან” USAID-ის დაკავშირებას სასაცილოდ მიიჩნევს.
„თუკი თქვენი შეკითხვა სწორად გავიგე, დავიწყებ წინაპირობით, რომელიც იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს – არა იმაზე, რაც თქვენ თქვით, არამედ რაც სხვებმა თქვეს USAID-ის ჩართულობაზე”, – თქვა მან.
ელჩმა -ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე გააკეთა აქცენტი.
„არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 31 წელიწადზე მეტია საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე შეერთებული შტატები. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი აშშ დოლარი დახმარების სახით. ვმუშაობთ ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სკოლებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, სამხედროებთან – საზოგადოების ყველა სეგმენტთან, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყანას გაძლიერებაში, ეკონომიკურად მეტად განვითარებაში და ვთვლი, რომ ნამდვილად დავეხმარეთ საქართველოს იმის მიღწევაში, სადაც დღეს არის. ის, რომ თითქოს არის რაღაც შეთქმულების ქვედა დინება, სადაც შეერთებული შტატების მთავრობა და მისი უწყება ცდილობს აქ მსგავსი რამის ჩადენას, იმდენად სასაცილოა, რომ ნამდვილად არ ვთვლი ეს იმსახურებდეს ამაზე ლაპარაკში ჩემი დროის დახარჯვას. რასაც ვიტყოდი, არის, რომ USAID-ი, მე წარმოვადგენთ პოლიტიკებსა და პროგრამებს, რომელთა საქართველოში განხორციელებასაც აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და USAID-ის ადმინისტრატორი სამანთა პაუერი – მთელი ჩვენი მთავრობა უჭერს მხარს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავრობაში, თუკი ეს მთავრობა არჩეულია თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
სუს-ის ვერსიით, თბილისში 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“. სუს-ის გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციები “ტრენინგების საქმეს” უწოდებენ.
„ნატოს სჭირდება დაინახოს სულ უფრო მეტად დასავლეთისკენ მომზირალი საქართველოს მთავრობა, რომელიც გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯებს დემოკრატიის განსამტკიცებლად“ – განაცხადა რობინ დანიგანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში. პირველ ინტერვიუში ის ლაპარაკობს აგრეთვე: ოკუპაციაზე, უსაფრთხოებაზე, სანქციებზე, არჩევნებზე.

ასევე დაგაინტერესებთ