ქართველებსა და ამერიკელებს აქვთ განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც, ჩემი აზრით, სათავეს თავისუფლების მიმართ ჩვენს საერთო სიყვარულში იღებს. ის ასევე ემყარება რწმენას, რომ ჩვენ შეგვიძლია მსოფლიო ჩვენი შვილებისთვის უკეთეს ადგილად ვაქციოთ, თუ გვექნება ამის თავისუფლება შრომისმოყვარეობითა და თავდადებით. ჩემი, როგორც აშშ-ს ელჩის მთავარი პრიორიტეტია ამ განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავება. მაგრამ ნება მომეცით, მომავალში გახედვამდე, გავიხედო წარსულში და გამოვხატო ის, თუ რას ნიშნავდა ჩვენი პარტნიორობა ბოლო 32 წლის განმავლობაში…
კვირას აღვნიშნეთ საბჭოთა ოკუპაციის დღე, გავიხსენეთ წითელი არმიის მიერ საქართველოს ტრაგიკული ანექსირება. დაჟინებით ვამბობ, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან წლების განმავლობაში, არცერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს უფრო მტკიცე მხარდამჭერი და მეგობარი, ვიდრე შეერთებული შტატები. გასული 32 წლის განმავლობაში, ჩვენ საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოვუყავით. მაგრამ ეს რიცხვი არ არის ერთადერთი, რომელიც ჩვენს მეგობრობას აღწერს. ჩვენი პარტნიორობით ორივე ქვეყანამ ნახა სარგებელი…
აშშ-ს მხარდაჭერამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს დახმარებას თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ჩვენმა დაფინანსებამ ხელი შეუწყო საქართველოს სასაზღვრო პუნქტების უმეტესი ნაწილის მშენებლობას და აღჭურვას. როგორც ვიცი, ორის გარდა ყველა პუნქტის. ჩვენმა დახმარებამ ხელი შეუწყო საქართველოს სანაპირო დაცვის დაარსებას, მომზადებას და აღჭურვას თქვენი საზღვაო საზღვრის პატრულირებისთვის. 1600 ქართველი იყო აშშ-ში სამხედრო განათლების ბენეფიციარი. ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს NATO-ს თავსებადი იარაღი და ერთად ვივარჯიშეთ მრავალეროვნულ წვრთნებში, მათ შორის აქ, საქართველოში.
ასე რომ, ბოლო 32 წლის გადახედვისას, შეერთებული შტატები იყო საქართველოს ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი და ჩვენ გავაგრძელებთ ასეთად ყოფნას. გასულ პარასკევს პრემიერ-მინისტრთან ჩემს პირველ შეხვედრაზე მქონდა შესაძლებლობა განმეხილა კავშირები, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას და მისი ახალი შესაძლებლობები. ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა იყო. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრემიერ-მინისტრს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ვალდებულება და გამოვთქვი ჩემი, როგორც ელჩის მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მხარდაჭერაში, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდაში, მათ შორის, შუა დერეფნის მხარდაჭერით, სამხედრო პარტნიორობის განმტკიცებაში, რომელიც არის ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედი და ასევე ჩვენი კულტურული კავშირების განმტკიცებაში.
ნება მომეცით რამდენიმე სიტყვა ვთქვა თითოეულ ამ პრიორიტეტზე. პირველი, აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოსთვის და მისი ევროკავშირის წევრად გახდომა. საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გასულ დეკემბერში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი…
შეერთებული შტატები ახლა და მომავალშიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან პროცესის წინსვლისთვის. საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანებას დასჭირდება კონსენსუსი და ერთიანობა ქართულ საზოგადოებაში…
მე პირადად ვესაუბრე რამდენიმე თქვენგანს არჩევნების შესახებ და ვიცი, რომ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან, პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, მათი ხმა ფარულია და პროცესი თავისუფალი და სამართლიანია.
ჩემთვის კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაზრდა… გასულ წელს ჩვენმა ორმხრივმა ვაჭრობამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 2 მილიარდ დოლარს, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის. მე მინდა მეტი გავაკეთოთ… ჩვენი ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ფარგლებში, მე ასევე მტკიცედ დავუჭერ მხარს საქართველოს როლს შუა დერეფანში…
კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელზეც დღეს მსურს საუბარი, არის აშშ-ს ვალდებულება მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, დაეხმაროს საქართველოს თავის დაცვაში და შემდგომი აგრესიის შეკავებაში. რაც მიმყავს ჩვენს სამხედრო პარტნიორობამდე. ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი…
და ბოლოს, მინდა აღვნიშნო აშშ-ს ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის აღნიშვნასა და შენარჩუნებას. მოხარული ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ მცდელობებს ამ მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, რათა მომავალში ყოველთვის იცოდნენ საქართველოს მდიდარი კულტურული ისტორია….
ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივია ვიყო ელჩი საქართველოში. მიზეზი ისაა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პატივია 31 წლის განმავლობაში ვიყო ჩემი ქმრის ცოლი და ჩვენი ორი შვილის დედა. მაგრამ შეერთებულ შტატებში ამ უზარმაზარ ქვეყანაში, პრეზიდენტ ბაიდენის წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პატივია. ასე რომ, მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის და მზად ვარ თქვენგან მოვისმინო ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზების შესახებ. მე თბილად მივესალმები თქვენს კითხვებს.
გმადლობთ!