დანიის ქალაქ ნესტვედში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ასისტენტებთან ერთად ჩვენი გუნდის წევრები მსუბუქად ავარჯიშა. მოედანზე არ ყოფილა ხისტი მოქმედებები, არ იყო ორმხრივი კალათბურთი. სერბმა სპეციალისტმა კალათბურთელები ძირითადად სროლებსა და კომბინაციათა ვირტუალური სქემების გათამაშებაში, ეგრეთ წოდებულ 5-0-ზე კომპონენტში ავარჯიშა.
ნაკრებში ამ ციკლში პირველად ივარჯიშა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც დანიაში ჩასულ ნაკრებს სასტუმროში დახვდა. ნაკრებს ვარჯიშის დროს შეუერთდა ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ნესტვედში მონაკოდან ჩამოვიდა.
“ნესტვედ-არენა” მულტიფუნქციური კომპლექსია, სადაც უმეტესად კონცერტები, საზოგადოებრივი შეკრებები, სხვადასხვა სახის ღონისძიებები
იმართება. 15 მარტს “ნესტვედ არენაზე” ამერიკის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ელიან, რომელიც დაინტერესებულ დანიელებთან საჯარო შეხვედრას გამართავს.
დარბაზის საკალათბურთო ყაიდაზე გადაწყობის პროცესი მიმდინარეობს და როგორც მატჩის ორგანიზატორებმა გვითხრეს, 21 თებერვლის დილისთვის ყველაფერი დასრულდება. საქართველოს ნაკრების მეორე ვარჯიში სწორედ ოთხშაბათს, დილის 11:30 საათზეა დაგეგმილი, რომელიც პირველი გენერალური სესია იქნება დანიაში ჩასული ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდისთვის.
GBF