დანიამ შესაძლოა რუსული ნავთობტანკერების შემოწმება და დაბლოკვა დაიწყოს

დანიამ შესაძლოა დაიწყოს ტანკერების შემოწმება, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ მის წყლებში და საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოს ისინი, წერს Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, რომლებიც ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებებს იცნობენ, მთავარი სამიზნე იქნება ტანკერები, რომლებსაც დასავლური დაზღვევა არ აქვთ. ინსპექტირება დაეფუძნება საერთაშორისო კანონებს, რომლებიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ გემები, თუ არსებობს შეშფოთება, რომ მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ გარემოს.
რუსული საწვავის „ფასის ზღვრის“ პირობები ადგენს, რომ დასავლურ სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ უზრუნველყონ ნავთობის ტრანსპორტირების სადაზღვევო მომსახურება დან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ბარელზე 60 დოლარზე დაბალ ფასად გაიყიდება. ამავე დროს, ევროკავშირს აქვს ეჭვი, რომ რუსული ნავთობის გადამზიდავ ბევრ გემს არ აქვს ასეთი დაზღვევა, მათ შორის გაჟონვის შედეგად ნავთობის დაღვრით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, აღნიშნავს FT.
FT-ის ცნობით, რუსული ნავთობის საზღვაო მარაგების დაახლოებით 60% ბალტიის ზღვის გავლით ხორციელდება და მთელი ეს მოცულობა გადის დანიის ტერიტორიულ წყლებზე. გამოცემის ცნობით, დანიის სრუტეზე ყოველდღიურად დაახლოებით 2 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი გადის, რაც სამი Aframax-ის ტიპის ტანკერის მოცულობაა.
ოფიციალური პირები, რომლებსაც გაზეთი კომენტარისთვის დაუკავშირდა, აღნიშნავენ, რომ ინიციატივის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია დანიის საზღვაო ძალების უნარზე, გააჩეროს და შეამოწმოს ტანკერები. ასევე ჩნდება კითხვა, თუ რა უნდა გააკეთონ მათ თუ გემი უარს იტყვის გაჩერებაზე.
დანიის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის სპიკერმა FT-ის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ დანიელი სამხედროები „არ ამოწმებენ დოკუმენტებს ან გემებს, რომლებიც გადიან სრუტეში, გარდა საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევებისა“.