დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება ინფორმაცია რეესტრში ასახოს

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე მთავრობის წევრებმა განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს.
“ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის ცნობით, დღეის მდგომარეობით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს. სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.