დამტკიცებულია უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებას განაახლებს

უკრაინის დელეგაციას, რომელიც ს დელეგაციასთან სტამბოლში გამართავს მოლაპარაკებების მესამე რაუნდს, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც პრეზიდენტმა მ დაამტკიცა, კიდევ 13 წევრია. მათ შორის არიან პრეზიდენტის ოფისის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეიარაღებული ძალების და სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები.
ზელენსკის მიერ 22 ივლისს ხელმოწერილი ბრძანებით, დელეგაციის ხელმძღვანელს შეუძლია პრეზიდენტთან შეთანხმებით შეცვალოს დელეგაციის შემადგენლობა. დოკუმენტს თან ახლავს გასაიდუმოებული დანართი, რომელიც მოიცავს უკრაინის დელეგაციისთვის მიცემულ დირექტივებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო პარტნიორებთან და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობისთვის.
თურქული და რუსული მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ სტამბოლში უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს, 23 ივლისს საღამოს გაიმართება.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მოსკოვის დელეგაციის შემადგენლობა არ შეცვლილა და მასში ისევ „ოთხი ძირითადი წევრი და ოთხი ექსპერტია”. მოლაპარაკების წინა რაუნდებზე რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა.
სტამბოლში მოლაპარაკებების ორი რაუნდი 16 მაისს და 2 ივნისს გაიმართა. მხარეები ტყვეებისა და დაღუპული მებრძოლების ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ. უკრაინისგან განსხვავებით რუსეთმა უარი თქვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე.
მოლაპარაკებების პირველ ორ რაუნდზეც უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსტემ უმეროვი, რომელიც იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო.
უმეროვი ვეღარ მოხვდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობაში, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს. თავდაცვის მინისტრად ყოფილი პრემიერი დენის შმიჰალი დაინიშნა.
18 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი დანიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად.