დამსაქმებლებს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევაზე ფულადი სანქციები დაეკისრებათ – რეგულაცია 1 მაისიდან ამოქმედდება

საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელს ფულადი სანქციები დაეკისრება. რეგულაცია ძალაში 1 მაისიდან შედის. საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ პირველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევა 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ქმედების განმეორების შემთხვევაში ფულადი სანქცია გაორმაგდება და 1000 ლარი იქნება. ამასთან, დამსაქმებელი არ გათავისუფლდება საპენსიო შენატანის ვალდებულებისგან.
საპენსიო სააგენტოს ცნობით, არ ჯარიმდებიან პირები, რომლებიც შემოწმებამდე სრულად დაფარავენ 2025 წლის მაისამდე წარმოშობილ საპენსიო შენატანის ვალდებულებებს. საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების შესრულების მონიტორინგს 2024 წლის 1 ივნისიდან საპენსიო სააგენტო ახორციელებს.
ამასთან, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ განაცემზე საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით.
საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღემდე დამსაქმებელმა/თვითდასაქმებულმა უნდა უზრუნველყოს საბალანსო თანხის არსებობა/განთავსება/ჩარიცხვა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე და წარადგინოს საშემოსავლო დეკლარაცია. ხოლო, დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანება საპენსიო სქემაში, ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის 2025 წლის 1 მაისიდან დასაქმებულმა/თვითდასაქმებულმა, დამსაქმებლის ნაცვლად, უნდა მიმართოს საქართველოს საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლების გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი.
საპენსიო სააგენტო განმარტავენ, რომ სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღებული ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება. ხოლო, საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხა და 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისთვის შეუსრულებელ ვალდებულებაზე საურავის დაკისრების შემთხვევაში, ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული საურავი, ირიცხება ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რის შემდგომაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად იქმნება შესაბამისი საპენსიო დეკლარაციები და შესაბამისი თანხა ნაწილდება შესაბამისი მონაწილეების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშ(ებ)ზე.