რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის შეფასებით, ბიზნესსექტორი ჩამოშლის წინაშეა- ასეთი რთული სიტუაცია ომისა და კოვიდპანდემიის დროსაც არ ყოფილა.
როგორც „კომერსანტთან“ ბურჯანაძემ აღნიშნა, ტურიზმის მთავარი გამოწვევა, როგორც ყველა სფეროს, მყიფე პოლიტიკური სიტუაციაა, რომელიც ბიზნესმენებს მომავლის დაგეგმვის და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ აძლევს.
„დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, მცირედი ჩავარდნის გარდა, ყოველი დეკადა განვითარების ახალი საფეხური იყო.
თუ გავიხსენებთ წინა წლებს, ჩვენი ბიზნეს-ეკონომიკისთვის ომის შემდეგ, ყველაზე რთული კოვიდპანდემია იყო. ეს პრობლემა ისე დავძლიეთ, მიუხედავად ბევრი დანაკლისისა, პროგრესი მაინც არ შეჩერებულა. ახლა, ამ პოლიტიკური მოვლენების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი, ეს წარმატება ჩვენ თვალწინ იშლება.
ბიზნესში ყველაზე რთული გაურკვევლობაა, როცა არ იცი, რა მოხდება. ბიზნესმენს კონცენტრაცია დაგეგმარებაზე უნდა ჰქონდეს, ამ დროს კი უარყოფითი მოლოდინები გაქვს. ბიზნესის წარმომადგენლები მომავალ წელს ვერ გეგმავენ. როგორ წარმოგიდგენიათ დაგეგმოთ მომავალი, როცა გაუგებარია ლარის კურსის დინამიკა, ასევე, გაურკვეველია შესაძლებლობა, პარტნიორობა გქონდეს ამერიკელებთან და ევროპელებთან, თუ ბელარუსებსა და რუსებთან.
ჯონ უილსონი, არ არის ვიღაც. მის განცხადებას და აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს, ისეთი ხალხი ჰყავდა მონიშნული X-ზე, რომ ეს ყველაფერზე მეტყველებს. აქ უკვე კითხვები აღარ უნდა დაისვას. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სანქციების ასეთი სიმკაცრე წარმოუდგენელია“- თქვა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.
შოთა ბურჯანაძისთვის „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი კობახიძის შენიშვნა გაუგებარია. მისი თქმით, ბიზნესი პოლიტიკაში კი არ ერევა, არამედ აზრს გამოხატავს იმ საკითხებზე, რაც სწორედ ბიზნესსა და ეკონომიკას შეეხება.
„სად გვნახა ირაკლი კობახიძემ ბიზნესის წარმომადგენლები, რომ პოლიტიკაში უხეშად ვერეოდით? აზრი არ გამოვთქვათ, როცა ქვეყანას, ბიზნესს და ეკონომიკას ეხება საქმე? ეს აგონიაში მყოფი ადამიანის ნათქვამს ჰგავს. ერთადერთი, რაც ახლა ბიზნესს და ინვესტიციებს აცოცხლებს, არის 30-წლიანი ისტორია, რომელიც მენტალურად არის ჩვენში ჩადებული და დასავლური ინტეგრაციისკენ ინერციით მიდის. ჩვენ ეს განცდა რომ არ გვქონდეს და ეს წლები 30 წელს კი არა, 5 წელს ითვლიდეს, ურთულესი მდგომარეობა იქნებოდა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაყალიბებდით ყველაფერს, ვამყარებდით პარტნიორულ ურთიერთობებს და უცებ ამ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით კლავენ“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.