დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები განსაზღვრავენ რა მასალას შეაფასებენ და არა Meta-ს თანამშრომლები – Meta „ქართული ოცნების“ ბრალდებებს პასუხობს

Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ გაჟღერებულ „ქართული ოცნების“ წევრების ბრალდებებს პასუხობს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Facebook-მა ცრუ ინფორმაცია უწოდა მმართველი პარტიის წევრების მიერ გავრცელებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებულ ბანერებს, რაზედაც მმართველმა პარტიამ უკმაყოფილება გამოხატა.
Meta წერს, რომ საქართველოში და მსოფლიოში ის მხოლოდ დამოუკიდებელ და სერტიფიცირებულ ფაქტების გადამმოწმებლებთან თანამშრომლობს და მხოლოდ დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები განსაზღვრავენ რა მასალას შეაფასებენ და როგორ.
„საქართველოში და მსოფლიოს გარშემო Meta დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან თანამშრომლობს, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის და ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო” – ვკითხულობთ Meta-ს სპიკერის განცხადებაში.
Factcheck-ი წერს, რომ „ფაქტ-მეტრის” ფაქტების გადამოწმების პროგრამა 2013 წლიდან დაიწყო. 2017 წლიდან ორგანიზაცია „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის” (IFCN), ხოლო 2023 წლიდან „ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის” (EFCSN) ვერიფიცირებული წევრია, რაც ორგანიზაციის ფაქტების გადამოწმების საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებთან შესაბამისობით არის განპირობებული.
IFCN და EFCSN „ფაქტ-მეტრის” და „მითების დეტექტორის” შევიწროების ფაქტებს გმობენ და უარყოფენ ნებისმიერ მტკიცებას, თითქოს მათი აკრედიტაციის პროცესი „ლობიზმით“ ან რაიმე სხვა სახის არასამართლიანი გავლენის საშუალებით მოხდა.
2020 წლის სექტემბრიდან, „ფაქტ-მეტრი“ და „მითების დეტექტორი” Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორები არიან და ხელმძღვანელობენ „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის“ პრინციპებისა და Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პოლიტიკის შესაბამისად.