დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების მიზნით ევროკავშირი სომხეთს 1.5 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის წინ წაწევის შესახებაა საუბარი.
პრესრელიზში საუბარია, რომ მხარეები მიესალმნენ ევროკავშირი-სომხეთის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგის შესახებ მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას და კმაყოფილება გამოთქვეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, ევროკავშირმა სომხეთს შესთავაზა ევროკავშირის ინსტრუმენტების გამოყენება უსაფრთხოების საფრთხეებთან, მათ შორის დეზინფორმაციასთან, უცხოურ ჩარევასთან და კიბერ საფრთხეებთან საბრძოლველად.
გარდა ამისა, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „სომხეთის საინფორმაციო ეკოსისტემის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა გამოაცხადა ახალი 1.5 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი, რომელიც დამოუკიდებელი მედია საშუალებების გაძლიერებას ისახავს მიზნად“.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ შეხვედრაზე აღნიშნეს სომხეთის ძალისხმევა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გამყარებას ემსახურება.
„კერძოდ ხაზი გაესვა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას და თურქეთთან ურთიერობების ნორმალიზაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს სომხეთს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღსაკვეთად ს მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის.
წყარო: publika.ge