დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები, თუმცა საბოლოო ჯამში მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს ხოლმე, დადგება ოქტომბერი და ყველა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში
არჩევნებს რაც შეეხება, სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მისი თქმით, დადგება ოქტომბერი და ყველა მათგანი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
„რაც შეეხება ჩვენს მარიონეტულ ოპოზიციას, რომელიც ხედავთ, რომ სრულად გარედან იმართება, ამ დღეებშიც ვაკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები. ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი ალბათ ჯერ კიდევ იქ არის. ვხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ინსტრუქციები და მისი შესრულება, ამიტომ არჩევნებს, რაც შეეხება რა თქმა უნდა აქაც, სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს ხოლმე და დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკოს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია, მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყავლაშვილი დანიშნავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
