საფეხბურთო კლუბი “დინამო თბილისი” ეხმაურება ფეხბურთელ ბექა ონიანზე თავდასხმას. ისინი მოითხოვენ, დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
“ჩვენი ფუტსალის გუნდის წევრი, ბექა ონიანი, სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მასზე ფიზიკურად იძალადეს და სასტიკად გაუსწორდნენ, რის გამოც ფეხბურთელი დღეისათვის კლინიკაში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენი გუნდი ბექა ონიანს დროულ გამოჯანმრთელებას, ოჯახთან და საყვარელ საქმიანობასთან მალე დაბრუნებას უსურვებს. ვგმობთ ყველანაირ ფიზიკურ ანგარიშსწორებას. დამნაშავე აუცილებლად კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს”, – წერია კლუბის განცხადებაში.
27 წლის ბექა ონიანი 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლესთან სცემეს. როგორც ირკვევა, ფუტსალის მატჩის შემდეგ, სპორტსმენებს შორის დაპირისპირება იყო, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო ბექა ონიანმა. შინაგანს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონიანზე ფიზიკურად იძალადა 30 წლის ივა ტყეშელაშვილმა, რის შემდეგაც ის წაიქცა და თავის დაზიანება მიიღო. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარის შემდეგ ტყეშელაშვილი ადგილიდან მიიმალა. თუმცა, პოლიციამ ის რამდენიმე საათში დააკავა.
მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ტყეშელაშვილს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ივა ტყეშელაშვილს აღკვეთოს ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ ეტაპზე, ის დუმილის უფლებას იყენებს.
ამავე თემაზე:
· როგორია სპორტის სასახლესთან ნაცემი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა




