დამნაშავედ ცნობილი მენენდესი სენატს ტოვებს

დემოკრატი სენატორი ნიუ-ჯერსის შტატიდან ბობ მენენდესი თანამდებობას ტოვებს. მედიის ინფორმაციით ის ამერიკის სენატს 20 აგვისტოს დატოვებს.
მიზეზი რის გამოც სენატორ მენენდესს ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია მისი დამნაშავედ ცნობაა ქრთამის აღებაში, კორუფციულ საქმიანობასა და ეგვიპტის მთავრობის სასარგებლოდ აგენტობაში.
მიუხედავად იმისა, რომ 16 ივლისს წარდგენილ ბრალდებებში ამერიკელი სენატორი საამართლომ დამნაშავედ სცნო, დემოკრატი ბობ მენენდესი ბრალს არ აღიარებს და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც გეგმავს, წერს სააგენტო „ასოშეითედ პრესი“ სენატორის გარემოცვის წევრზე დაყრდნობით, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა.
სენატორ ბობ მენენდესს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება, მოსამართლე განაჩენს 29 ოქტომბერს გამოაცხადებს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე.
ბობ მენენდესს ამერიკის სენატში მანდატი 2025 წლის სამ იანვარს ეწურება, რაც ნიუ-ჯერსის გუბერნატორს ფილ მერფის აძლევს საშუალებას დანიშნოს დემოკრატიული პარტიის რომელიმე წევრი თანამდებობაზე 20 აგვისტოდან 3 იანვრის ჩათვლით.
ნიუ-ჯერსი ახალ სენატორს 5 ნოემბერი არჩევნებზე აირჩევს. დემოკრატიული პარტიდან შტატში სენატის მანდატისთვის ენდი კიმი იბრძოლებს და დაუპირისპირდება კერტის ბაშოუს, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან.
დემოკრატი სენატორი მენენდესი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, როცა საგამოძიებო ორგანოებმა მას ბრალი წაუყენეს, მან კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვა, თუმცა სენატის დატოვებას დემოკრატიული პარტიის ლიდერების არაერთი მოწოდების მიუხედავად არ გეგმავდა და წარდგენილ ბრალდებებს უარყოფდა.
„მე არასოდეს ვყოფილვარ არაფერი სხვა, თუ არა ჩემი ქვეყნის და ჩემი სამშობლოს პატრიოტი. არასდროს ვყოფილვარ უცხო ქვეყნის აგენტი“,- ამბობდა მენენდესი.
ამერიკის სენატიდან სულ 15 კანონმდებელია სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოტივით გაძევებული. მათ შორის არის ტენესის ყოფილი სენატორი უილიამ ბაუნტი, მას 1979 წელს ღალატში დასდეს ბრალი. 1861 და 1862 წლებში კი 14 სენატორი დაითხოვეს სამოქალაქო ომის პერიოდში კონფედერატების მხარდაჭერის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ