„დამაჯერებელი ახსნა ეკონომიკის 11%-იანი ზრდის, ბუნებაში არ არსებობს“ – გიგა ბედინეიშვილი

იანვარში საქართველოს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის 11,1%-იანი ზრდის ახსნას ითხოვს ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი. ის ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საჭიროა საქსტატმა და მთავრობამ დამაჯერებელი არგუმენტები დაასახელონ და ახსნან, რამ გამოიწვია ასეთი მაჩვენებლის დაფიქსირება.
,,11,1%-ის ახსნა ამ სიტუაციაში დასაჯერებლად ძალიან ძნელია. საქსტატი იძახის, რომ რაღაც საკონსულტაციო მომსახურების და სამეცნიერო კვლევების დარგი კატასტროფულად გაიზარდა და ამისგან გვაქვს ასეთი განსაკუთრებული ზრდა. საქსტატსა და მთავრობას არ ესმით, რომ მტკიცების ტვირთი მათზეა. მათ უნდა ახსნან დამაჯერებლად, რამ გამოიწვია 11%-იანი ზრდა ეკონომიკაში. გვეუბნებია, რომ იანვარში დღგ შემცირდაო. მერე გვეუბნებია, რომ წინასწარი მონაცემებით ზრდა არის ძალიან მაღალი, რომელიც ეფუძნება დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვას. ამ კომპანიებს ბრუნვა თუ გაეზარდათ დღგ როგორ შეუმცირდათ? უამრავი კითხვაა. იმის ნაცვლად, რომ გასაგებად აგვიხსნან რაღაცას ბუტბუტებენ და გაუგებარ განმარტებებს იძლევიან.”- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.
იქონია თუ არა გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ს მიერ საქართველოში ძვირად ღირებული ნახატების შემოტანამ? კითხვაზე გიგა ბედინეიშვილი გვპასუხობს, რომ მისი ინფორმაციით, ივანიშვილმა საქართველოში არა მხოლოდ ნახატები, არამედ ოფშორებში არსებული ფინანსები შემოიტანა და ის ქართულ კომპანიებში ჩადო. თუმცა მისი განმარტებით, ამას ქვეყნის მშპ-ზე გავლენა არ უნდა მოეხდინა. ეკონომისტის თქმით, ამ ტრანზაქციებმა მოახდინა გავლენა, თუმცა რეალურ მიზეზებს არ ასახელებენ.
,,იანვარში მოხდა ივანიშვილის მიერ ინტერესების შემოტანა. მე როგორც ვიცი არ იყო იქ მხოლოდ ნახატები. დეტალები არ ვიცი, მაგრამ იქ იყო ივანიშვილის ფინანსური ინტერესები, რომელიც ოფშორული კომპანიების საშუალებით ეჭირა. ის ყველაფერი შემოიტანა საქართველოში და ქართულ კომპანიებში შეიტანა. როგორც ვხვდები წილებად. თავის თავად, ამას მთლიან შიდა პროდუქტზე გავლენა არ უნდა მოეხდინა. შეიძლება პირდაპირ ინვესტიციებზე მოახდინა გავლენა. მერე ალბათ ამასაც იტყვიან, რომ გაიზარდა პირდაპირი ინვესტიციებიო. თუ ეს შემოტანილი წილები რაღაცნაირად იყო გამოყენებული სხვა მისი ქართული აქტივების ყიდვასთან, (არ ვიცი) თუ ეს მოხდა, ეს გავლენას მოახდენდა მთლიან შიდა პროდუქტზე. მე უნდა ვაღიარო, რომ ვარაუდებს გამოვთქვამ, მაგრამ ფაქტია, რომ დამაჯერებელი ახსნა 11%-იანი ზრდის როცა არ არსებობს ბუნებაში, როდესაც ქვეყანაში კრიზისია. აქტივობა გაზრდილი არანაირად არ არის. გასული წლის იანვარში საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა. ის ხომ არ არის, რომ ვარდნა გვქონდა შარშან და ახლა ამის ფონზე მივიღეთ 11%-იანი ზრდა. ყველაფერი ამის გათვალისწინებით არადამაჯერებლობა ამ 11%-იანი ზრდის მე მაფიქრებინებს, რომ რაღაც მანიპულაციური ასპექტია. დაგვიდონ გასაგები არგუმენტი. ის რომ მეცნიერული კვლევები აფეთქდა უცებ საქართველოში და ტექნოლოგიების ჰაბი გავხდით იანვარში, ამის მე პირდაპირ არ მჯერა.”- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.