სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა სპორტული კომენტატორის ალექსანდრე (სანდრო) ცნობილაძის სახლი და ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა. როგორც უწყების გამომძიებელმა უთხრა ადგილზე მყოფ მედიას ჩხრეკის დასრულების შემდეგ, საუბარი არ არის ბრალდებაზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. მისი თქმით, საქმე შეეხება დაზარალებული ქალის “პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვების საქმეს”.
“დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე ვისთანაც ჩავატარეთ ჩხრეკა, ასევე META-დან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ექაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონონ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. ბრალდებაზე არ არის საუბარი ეს იყო საგამოძიებო მოქმედება”,- გამომძიებლის თქმით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან.
როგორც თავად სადრო ცნობილაძემ უთხრა ჟურნალისტებს, მის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, “საერთოდ რამე რომ ჰქონოდათ” მის წინააღმდეგ “ახლა აქ არ ვიდგებოდი – დამაკავებდნენ”. მისი სიტყვებით, ამოიღეს ლეპტოპი და დისკები, რომელზეც “არის 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული” ასევე დედამისის კუთვნილი კასეტებიდან გაციფრულებული ფილმები.
“იმ დისკებზე არის საფეხბურთო ამბები, მთელი ჩემი ცხოვრება ტელევიზიაში ვარ და ფეხბურთს ვემსახურები. ასევე ჩემი ტელეფონი აქვთ ამოღებული, მოკლედ დამაწიოკეს”, -თქვა სანდრო ცნობილაძემ, რომელიც მომხდარს უკავშირებს მის აქტიურობას პროდასავლურ აქციებზე “მაინც ყოველ დღე ვიდგები აქციებზე”, -უთხრა მან მედიას.
თბილისში, საბურთალოზე, სპორტული კომენტატორის, ალექსანდრე (სანდრო) ცნობილაძის სახლი დრეს 24 თებერვალს დილით გაჩხრიკეს. სახლში იმ დროს იმყოფებოდნენ ცნობილაძის ოჯახის წევრები, დედა და შვილი. მოგვიანებით ადგილზე მივიდა მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე,
სანდრო ცნობილაძე საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციების აქტიური მონაწილეა.
2024 წლის 28 ნოემბერს დემონსტრაციების დაწყების შემდეგ პოლიციამ არაერთი დემონსტრანტის სახლში ჩაატარა ჩხრეკა.
პროევროპული აქციები 89-ე დღეა, გრძელდება.
