დიდი შვიდეულის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ აშშ-ს მიერ მომზადებულ 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმაზე.
როგორც ლიდერების საერთო განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ს მომზადებული პროექტი დამატებით დამუშავებას საჭიროებს. ამასთან, ისინი შეშფოთებას გამოვთქვამენ გეგმის იმ ნაწილზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღუდვას შეეხება.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება, მათი წევრი სახელმწიფოების თანხმობას მოითხოვს.
„მივესალმებით აშშ-ის მუდმივ ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. 28-პუნქტიანი გეგმის საწყისი პროექტი მოიცავს მნიშვნელოვან ელემენტებს, რომლებიც გადამწყვეტი იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.
ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი წარმოადგენს საფუძველს, რომელიც დამატებით დამუშავებას საჭიროებს. მზად ვართ ჩავერთოთ პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომავალი მშვიდობის მდგრადობა. ჩვენთვის ნათელია პრინციპი, რომ საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. ასევე, შეშფოთებას გამოვთქვამთ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემოთავაზებული შეზღუდვების გამო, რაც უკრაინას დაუცველს გახდის მომავალი თავდასხმის წინაშე.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტების განხორციელება, შესაბამისად, მოითხოვს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თანხმობას.
ვისარგებლებთ შემთხვევით და ხაზს ვუსვამთ უკრაინისადმი ჩვენი მუდმივი მხარდაჭერის სიმტკიცეს. მომდევნო დღეების განმავლობაში გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასთან და აშშ-სთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან:
· ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა,
· ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი,
· გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი,
· საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი,
· დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი,
· იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი,
· ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი,
· ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი,
· ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი,
· ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, მაიკლ მარტინი,
· ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტორი,
· კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი,
· იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სანაე ტაკაიჩი,
· პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი.




