ახალგაზრდა მამაკაცმა ოფისის ტერიტორიას ცეცხლი გაუხსნა მეზობელი შენობის სახურავიდან.
შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულია ICE-ს თანამშრომლების მიერ საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისთვის დაკავებული ერთი პირი და ორი დაჭრილია. ამერიკული მედიის ცნობით, ერთი მათგანი მექსიკელია. ICE-ს თანამშრომლები არ დაშავებულან. შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა კეშ პატელმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა თავდამსხმელისთვის აღმოჩენილი ტყვიების ფოტო. ერთ-ერთზე ჩანს წარწერა: ANTI–ICE. პატელის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, თუმცა ნივთმტკიცებების პირველადი დათვალიერება აჩვენებს, რომ დანაშაულს იდეოლოგიური მოტივი ჰქონდა.
ამერიკული მედიის ცნობით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, როგორვ ჯოშუა ჯანი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსგავსი დანაშაულის წახალისებაში მემარცხენე რადიკალები დაადანაშაულა. ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ საიმიგრაციო სამსახურის მამაცი თანამშრომლები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ, მემარცხენე რადიკალების მხრიდან აწყდებიან მზარდ მუქარას, ძალადობას და თავდასხმებს.
პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა მკვეთრად გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა. 2025 წლის ივნისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის რეიდებმა ლოს-ანჯელესში გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც არეულობაში გადაიზარდა. ტრამპმა ქალაქში ჯერ ეროვნული გვარდია, შემდეგ კი საზღვაო ქვეითებიც გაგზავნა.
მიგრანტების საწინააღმდეგო რეიდების გამო საპროტესტო აქციები იყო სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ნიუ-იორკსა და დალასში.
აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების გაძევება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.
თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ დეპორტაციას დაექვემდებარა ათასობით მიგრანტი, მათ შორის ადამიანის ღირსების შემლახავი მეთოდებით.
ფორუმი
