დღეს ცნობილი გახდა, რომ პირები, რომლებიც რუსთაველზე აქციის მონაწილეებს დაესხნენ თავს მაჩეტეთი და ბიტით, გათავისუფლდნენ და მათი ადვოკატია, 2024 წლის არჩევნებზე ოცნების კაპიტანი, იურისტი, ალექსანდრე კობაიძე.
ალექსანრე კობაიძე, ალიასთან ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.
–თავდასხმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა?
–არა, თავდასხმა არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაგრამ ეს არ იყო თავდასხმა. ეს ადამიანები გადაადგილდებოდნენ, ითხოვეს გატარება, იქედან წამოვიდა სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ აქედანაც და შემდეგ მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.
–ანუ, მანქანით მიდიოდა, მაჩეტე ედო ჯიბეში და…
–არა, ჯიბეში როგორ ედებოდა, ხომ იცით, რამხელაა მაჩეტე, მანქანაში ედო.
–ასე მანქანით დააქვს ხოლმე?
–კი.
–მეც შემიძლია ვატარო?
–კი, შეგიძლიათ ატაროთ, მაგრამ სამართალდარღვევაა, სხვა მუხლით, როგორც ცივი იარაღის, დანის ტარებაზე.
–როგორც მივხვდი, არც მაგ მუხლით დაუსჯიათ. და ბიტაზე რა ხდება? ბიტის ტარებაც შემიძლია მოქალაქეს ქუჩაში?
–კი, ჯოხია რა იგივე. აქ ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას, უწმაწურ სიტყვებს, მანქანაზე დარტყმას ხელების და ფეხების, მხოლოდ შემდეგ გადავიდნენ. მათ არ ჰქონდათ თავდასხმის განზრახვა, მათი განზრახვა იყო, გაევლოთ გზაზე, საქმეზე მიდიოდნენ.
–სად უნდა გაევლოთ, რუსთაველზე?
–კი.
–და ყველა საღამოს რომ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, არ იცოდნენ?
–არ იყო იმ წამს გადაკეტილი.
– ფაქტია, მანქანის გასავლელი ადგილი არ იყო, ესე იგი, რაკი გატარებას ითხოვდნენ. ერთი დღე არ ყოფილა ჯერ, უკვე ლამის სამი თვეა, რუსთაველის გამზირი რომ არ გადაიკეტოს და ეგ არ იცოდნენ? და სპეციალურად მაგიტომ არ მივიდნენ?
–არა, მაგიტომ არ მისულან, შეიძლება არ იცოდნენ, მეც თქვენგან გავიგე ახლა, რომ ყველა საღამოს გადაკეტილია.
–დავუშვათ, 2012 წელია, დგახართ და აპროტესტებთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, მოდის ორი პირი, ვინც გეუბნებათ, რომ უნდა გადახვიდეთ გზიდან, იმიტომ რომ მან უნდა გაიაროს და ეს ორი ტიპი, დავუშვათ არიან, ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერები, დააძრეს მაჩეტე და ბიტა – და თქვენ რას გააკეთებდით? და რას იტყოდით? იქნებოდნენ ისინი თქვენთვის ტიტუშკები და თავდამსხმელები, თუ არა?
–ვიმოქმედებდი კანონის შესაბამისად.
–და თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა რატომ არ იმოქმედეს კანონის შესაბამისად? დაინახეს არ იყო გზაზე მანქანის გასავლელი ადგილი, მიმდინარეობდა დაანონსებლი აქცია, კარგი, დავუშვათ, დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, იმის ნაცვლად, რომ იქ მდგომი პოლიციისთვის მიემართათ, გადმოდიან, იღებენ მანქანიდან ბიტას და მაჩეტეს და თავს ესხმიან ადამიანებს. ეს კანონიერია? ეს როგორ არაა თავდასხმა?
–ის არაა თავდასხმა მანქანას რომ ურტყამდნენ და დააზიანეს? არა, თავდასასხმელად არ გადმოუღიათ მანქანიდან ბიტა და მაჩეტე, გადმოიღეს შესაშინებლად მხოლოდ, რომ გაეტარებიათ, მათი განზრახვა არ იყო თავდასხმა.
–ძალიან უცნაურია, მაგალითად, დღეს ჩემი ამოცანა, რომ გომელაურმა „გამატაროს“, თუ გზაზე, თუ აქციაზე, თუ კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად, ამიტომ, მე რომ დავხვდე გომელაურს მაჩეტეთი და ბიტათი, თქვენ დამიცავთ და დაამტკიცებთ, რომ მე მხოლოდ მისი შეშინება მინდოდა და არა თავდასხმა?
–მე რამდენად დაგიცავთ, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა შემთხვევაში, არ იკვეთებოდა კრიმინალური ნიშნები.
–მზია ამაღლობელი კანონიერადაა დაკავებული?
–რა თქმა უნდა.
–მისი დაკავება სისხლის სამართლით კანონიერია და მაჩეტეთი და ბიტით შეიარაღებული ადამიანების მიერ მოქალაქეებზე თავდამსხმელების ადმინისტრაციულით გამოშვებაც კანონიერია?
–მზია ამაღლობელმა ხელი დაარტყა პოლიციელს.
–თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ეწინააღმდეგებოდა პოლიციელს, ამის კადრებიც არსებობს და არაერთი ადამიანი ითხოვდა, თუ პოლიციელზე შეხება დასჯადია, ესენიც დაისაჯნონ.
–განრიდებისას და ძიძგილაობისას, თუ ვინმეს ხელი მოხვდა, არ ვიცი, მაგრამ ძიძგილაობისას ხელის მოხვედრასა და ხელის გარტყმას შორის სხვაობაა.
–ხელის გარტყმა გინების, ლანძღვის, შეურაცხყოფის, მუქარის შემდეგ? თქვენი დაცვის ქვეშ მყოფები ბიტებით და მაჩეტებიით დაესხნენ თავს მოქალაქეებს და მეუბნებით, აგინებდნენ და მაგიტომო და მზიას შემთხვევაში, მე იქ პოლიციელი საერთოდაც ვერ დავინახე, ეს იყო ვიღაც, პოლიციის ფორმით…
–რა გინება, სად იყო იქ გინება, კადრები ხომ ნახეთ, შემოატრიალა და ხელი გაარტყა. ეს ქმედება სისხლის სამართლის წესითაა დასჯადი. რაც შეეხება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, მათ რომ პოლიციელზე თითქოსდა იძალადეს, პირველად მესმის, არც ერთ პოლიციელს პრეტენზია არ წამოუყენებია.
–ხო, არა? ანუ, ვიღაცისთვის შეიძლება და ვიღაცისთვის – არა. ვიცი, უარყოფითაც მიპასუხებთ, მაგრამ მაინც ვიკითხავ, საქმე წინასწარ იყო „დალაგებული“? წინასწარ იცოდით, რომ გამოუშვებდნენ?
–ადმინისტრაციულ მუხლებზე ყოველთვის ასე ხდება, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
–და პროკურატურა თავდასხმაზე კრინტს არ ძრავს და თავდასხმას არც კი გედავებათ, ხომ?
–არა, არ გვედავება.
–გასაგებია.
