საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინების და კერძო სახლების ფასი გაიზარდა.
სტატისტიკის თანახმად, საცხოვრებელი ბინების შემთხვევაში ფასები წლიურად 7.5%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება კერძო სახლებს, ამ შემთხვევაში 9.7%-იანი ზრდა ფიქსირდება.
Georealty-ის დამფუძნებლის, მაია გამზარდია ადასტურებს, რომ ბინებზე ფასების ზრდა შედარებით გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. თუმცა, ახლა მთავარი პრობლემას ბანკების მხრიდან დაკრედიტების გაჭიანურება ქმნის.
„ბოლო ორი კვირა პოლიტიკურად არასტაბილურია. უმნიშვნელო რყევებიც კი მოქმედებს გადაწყვეტილების მიღებაზე. უკანასკნელ პერიოდში ნამდვილად იყო გადაწყვეტილების მიღების პრობლემა. მოთხოვნაც შემცირებული იყო და ყველა მაჩვენებელი რაც უძრავ ქონებას უკავშირდებოდა დაკლებული იყო – ბოლო ორ კვარტალზე მაქვს ლაპარაკი. თუმცა, ბოლო ორი თვეა, მოთხოვნა უმნიშვნელოდ გაზრდილია და გადაწყვეტილების მიღების დროც აღარ არის ისეთი ხანგრძლივი.
მიწებზე ფასი ყოველთვის ზრდადი იყო, ბუნებრივია ეს კერძო სახლზეც ზრდის ფასს. ცენტრალურ უბნებში მიწების დეფიციტია, ამიტომაც ფასი ძალიან მაღალია.
ახლა დაკრედიტების პრობლემა გვაქვს, სესხების გაცემა გართულებულია. დაკრედიტების პროცესი ძალიან გახანგრძლივდა, რასაც არჩევნებს ვუკავშირებ.
საქართველოში არჩევნების წინ ყოველთვის ასეა. მე უძრავი ქონების გაყიდვის პერიოდებს რამდენიმე ეტაპად ვყოფ: მაგალითად, წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდები. ყველა კარგი პერიოდი ბინების ყიდვა-გაყიდვის მხრივ პოლიტიკური სტაბილურობის დროს არის“,- ამბობს მაია გამზარდია.
ქრისტინა კვაჭანტირაძე