საქართველოში ბიზნეს სესხებს შორის პირველ ადგილზე კვლავ უძრავი ქონების დეველოპმენტია. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, ამ სექტორზე გაცემული კრედიტების მოცულობა 4.3 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 66.2 მილიარდი ლარის 6.5%-ია.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, უძრავი ქონების სექტორის დაკრედიტების წლიური ზრდა 22%-ია და პორტფელის ზომა ბოლო ერთ წელში 770 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
სექტორებს შორის მეორე პოზიციაზეა სერვისების სექტორი – 4 მილიარდი ლარით. ამ სექტორში კრედიტების ზომა წლიურად 27%-ით, ანუ 845 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 3.6 მილიარდი ლარით მესამე ადგილს უძრავი ქონების მენეჯმენტის სფერო იკავებს, სადაც დაკრედიტება ბოლო ერთ წელში 17%-ით, ანუ 524 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხები კი 3.46 მილიარდ ლარს აღწევს, ამ სექტორში სესხების მატება 7%-ია. ბევრად უფრო დაბალი – 2%-ის ზრდის ტემპი აქვს სასტუმროებისა და რესტორნების სექტორს. პორტფელი ზრდის ნაცვლად პირიქით 15%-ით შემცირებულია მძიმე მრეწველობის სექტორში.
