„დაკარგული ქოხი“ საივენთო ბაზარზე შედის

საივენთო ბაზარზე კომპანია „დაკარგული ქოხი“ შემოდის, რომელიც მთაწმინდაზე იფუნქციონირებს. ვიზიტორებს ადგილზე დახვდებათ საივენთო სივრცე, სარესტორნო, სასტუმრო მომსახურება და ღია აუზი.
„დაკარგული ქოხი“ 7 წლის წინ დაფუძნდა და თანდათანობით, დროთა განმავლობაში, ბიზნეს სახე შეიძინა. მის მმართველობაში კომპანია „ნამდვილი“ შევიდა, რომელიც საივენთო მიმართულების განვითარებას გეგმავს.
ობიექტს სტუმრების მიღება უკვე შეუძლია. საპრეზენტაციო, გახსნის ღონისძიება კი 18 მაისსაა დაგეგმილი.
კომპანია „ნამდვილის“ და რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის თქმით, „დაკარგული ქოხი“ პირდაპირი მნიშვნელობით მთის წვერზეა და მომხმარებლებს სთავაზობს იმას, რაც დღესდღეობით თბილისში იშვიათია.
„რესტორანთან ერთად, ესაა საივენთო ადგილი, სადაც ივენთების დიდი შესაძლებლობა გვაქვს. „დაკარგული ქოხი“, პირდაპირი მნიშვნელობით მთის წვერზე იქნება და მომხმარებლებს შესთავაზებს იმას, რაც დღესდღეობით თბილისში იშვიათია“.
როგორც „დაკარგული ქოხის“ გენერალურმა მენეჯერმა, სალომე კახნიაშვილმა განაცხადა, ვიზიტორებს ადგილზე სასტუმროც დახვდებათ (6 ნომრით), რაც ივენთიზე მოსულ სტუმრებს, სურვილის შემთხვევაში, დარჩენის შესაძლებლობასაც აძლევს.
„ესაა მრავალფუნქციური სივრცე, სადაც სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გამართვაა შესაძლებელი. როგორიცაა, ქორწილი, დაბადების დღის წვეულება, კორპორაციული საღამო და ა.შ. ეს სივრცე ყველანაირ რესურსს გვაძლევს, ნებისმიერი ღონისძიების გასამართად.
ადგილმდებარეობა ჩვენთან ამოსულ სტუმრებს საშუალებას აძლევს განიტვირთონ, მიიღონ რუჯი და დაისვენონ. ასევე, გვაქვს საბავშვო სივრცე, რაც მშობლებს საშუალებას აძლევს, სრულად დაისვენონ.
ასევე, ადგილზე არის სასტუმრო 6 ნომრით, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ივენთზე მოსულ სტუმარს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დარჩეს“.
მისი თქმით, ადგილზე 150-200 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.
„მსურველებს, ასევე ვთავაზობთ სხვადასხვა სერვისებს. მაგალითად ქორწილის შემთხვევა რომ ავიღოთ, ვთავაზობთ სრულ პაკეტს (სრულ მომსახურებას), რაც მოიცავს ყველაფერს, ღონისძიების დაწყების წუთიდან, დასრულებამდე.
დაახლოებით 150-200 სტუმრის მიღება შეგვიძლია. ამინდის გაუარესების შემთხვევაშიც, არის იმის შესაძლებლობა, რომ ღონისძიება გაგრძელდეს. ამაში დახურული ტიპის რესტორანი გვიწყობს ხელს.
ღონისძიებების გარდა, მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოსვლა. იქნება 2 ადამიანი, ოჯახი თუ უბრალოდ რუჯის მიღების მსურველი“.