დაკარგული თორნიკე დალაქიშვილის და, თეკლა დალაქიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე პასუხობს შეკითხვებს, რომლებიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ოჯახის წევრების მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაუჩნდათ.
თეკლა დალაქიშვილი წერს:
თორნიკეს ამბავზე:
დღეს გავრცელდა ისევ ვირუსულად ეს ამბავი და მილიონი კომენტარი წავიკითხე კითხვებით. შევეცდები ახლა გავცე პასუხი.
25 აპრილს ნინოწმინდის ტერიტორიაზე ფარავნის ტბასთან ტყეში შევიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა თორნიკე. იქ რა უნდოდა? წალკაში მუშაობდა, ობიექტი ჰქონდა აღებული. ნაპოვნია ტყეში მისი ნივთები, გადაურეს ტყეს ძაღლებმა, მაშველებმა და იქ არ არის. ასევე შემოწმდა გარშემო წყალსაცავები მყვინთავების მიერ.
ძაღლმა კვალი აიღო და ჩავიდა მიმდებარე სოფელში ავტობუსების გაჩერებაზე. გაჩერებაზე არ არის კამერები. იქიდან შეიძლება წასულიყო ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, ამიტომ არ ვიცით კონკრეტულად სად ვეძებოთ.
რატომ არ ვწერთ მეტ დეტალებს? არც ჩვენ არ ვიცით და რა დავწეროთ. თქვენ თუ ხართ გაურკვევლობაში ჩვენი გაურკვევლობა წარმოიდგინეთ.
ამდენი ხანი პოსტი რატომ არ იდებოდა? 9 მაისს დაიდო პირველად პოსტი, მანამდე გამომძიებლებმა არ გვირჩიეს, დიდი ალბათობით თვითონ იმალება და უარესად არ გააღიზიანოთო. როდესაც გამოძიებისგან ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ ვნახეთ შემდეგ დავდეთ და გაზიარდა ყველგან, ვპოსტეთ დღეების განმავლობაში და შედეგი 0. ვიარეთ წალკის გარემოცვაში, დავტოვეთ ფოტოები სასტუმროებში, ჰოსტელებში. ვწერეთ დღეების განმავლობაში ტელევიზიებს რომ ეს ამბავი გაეშუქებინათ. არავინ არაფერი არ იცის, არავინ არ შემოგვხმიანებია ხელჩასაჭიდი ინფორმაციებით. ვისაც გამოგრჩათ და გიკვირთ ალბათ ქვეყანაში საგიჟეთის გამო არ გამოჩნდა ეს ამბავი თქვენს ნიუს ფიდზე. ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ვინმეს არ მისწვდა ეს ამბავი გარშემო რადგან ვინც კი გვხვდება ყველამ იცის, ყველა გვწერს და კითხულობს.
ვერიდებით ზოგიერთ ტელევიზიაში გაშუქებასაც, მყავს 83 წლის ბებო გულის პრობლემებით რომელსაც ეს ამბავი არ იცის და თუ გაიგო ადგილზევე მოკლავს.
დამალვის ვერსია აქვს პოლიციას რადგან აღმოჩნდა რომ სახლიდან აქვს გატანილი ლეპტოპი, კინდლი, ასევე ვერ ვიპოვეთ რამდენიმე მაისური.
ახლა ამ პოსტის დაწერაც ძალიან მიჭირს, ურთულეს სიტუაციაში ვართ მთელი ოჯახი. დედაჩემი ზის და ყველა კომენტარს კითხულობს, ამიტომ ძალიან გთხოვთ ისედაც გაუბედურებულ ქალს ნუ გააგიჟებთ და თავი შეიკავეთ ოჯახის მიმართ კითხვისნიშნებ მიმართული კომენტარებისგან.
აქციებზე დადიოდა დაკარგვამდე წინა კვირას, დაკარგვის კვირაში ვერ, მუშაობდა ამიტომ დარწმუნებით ვიცით რომ არაა აქციიდან აყვანილი.
არ თამაშობდა, არ ჰქონია ვალი, არ ყოლია მტერი, არ ჰქონია არავისთან არანაირი კონფლიქტი.
ბოლოს ველაპარეკე კვირას გაუჩინარებამდე და იყო ძალიან დეპრესიულ განწყობაზე. იმედგაცრუებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და იყო ძალიან დაღლილი.
საზღვარი არ გადაუკვეთავს ოფიციალურად, ეგ ვიცით. არაოფიციალურზე რა გითხრათ. საიდენტიფიკაციო დოკუმენტები დატოვებულია სახლში.
წესით ამ პოსტმა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი რაც შემხვდა, თან ვურთავ ისევ თორნიკეს სურათებს, გთხოვთ გადააზიაროთ.
თუ რაიმე კითხვა გექნებათ ან იდეა, ან სადმე დაინახეთ, ან რამე გაინტერესებთ გთხოვთ შემეხმიანოთ მე, არ აქვს დედას იმის თავი რომ ყველას პასუხი გასცეს.
გარშემო ხალხი გვეუბნება დამალულია და ყველაფერს ხედავს და ყველაფერს კითხულობსო. თოკა, თუ მასეა და ამას კითხულობ მიყვარხარ და მენატრები. მე შენს გვერდით ვარ.
Edit: ტელეფონზე – არ ვიცით თან აქვს თუ არა ტელეფონი, ჯეოსელისგან ამოღებული ინფორმაციით ტელეფონისგან ბოლოს მიიღეს სიგნალი 24 აპრილს, დაკარგვის წინა დღეს.
Edit2: არის ვერსია რომ დამალულია მონასტერში, აქტიურად დავდივართ და ვრეკავთ სხვადასხვა მონასტრებში მისი ამბის მოსაკითხად. გთხოვთ თუ მონასტერში მოგიწიათ გავლა ამ დღეების განმავლობაში გაამახვილეთ ყურადღება, იქნებ სადმე დაინახოთ.
აქამდე დაკარგული მამაკაცის დედამ, ინგა ფერაძემ დაწერა, რომ თუ ვინმემ რამე იცის მისი შვილის შესახებ, მისთვის დაერეკათ.
“თუ ვინმემ რამე იცით ჩემი შვილის, თორნიკე დალაქიშვილის შესახებ, გთხოვთ, დამირეკეთ: 577 74 85 38”. – წერდა დაკარგული მამაკაცის დედა, ინგა ფერაძე Facebook-ზე.
როგორც თორნიკე დალაქიშვილის მეუღლე 5 მაისს წერდა, მამაკაცს ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტი არ აქვს.
“25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს მაგრამ კვალზე ვერ გადიან. გთხოვთ გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ.
თუ ნახავთ ან ამ დღეების განმავლობაში სადმე ნახეთ გთხოვთ მომწერეთ ან დამირეკეთ: 595 99 88 61”. – წერია თორნიკე დალაქიშვილის მეუღლის, სალომე ქურასბედიანის მიერ ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ Facebook-პოსტში.
როგორც დაკარგულის მეუღლემ, სალომე ქურასბედიანმა ერთი თვის წინ ტაბულას უთხრა, მისი ქმრის კვალი წალკაში წყდება, თუმცა, ის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს. მისივე თქმით, პოლიცია სამძებრო სამუშაოებში თორნიკე დალაქიშვილის გაუჩინარებიდან მეორე დღესვე ჩაერთო.